
მიხეილ სააკაშვილს ამჯერად აბსოლუტურად სწორი პოზიცია აქვს, რადგან არ შეიძლება, მოღალატეებთან საერთო საქმე აკეთო. პირდაპირ წერს, რომ ბიძინას ფულის სანაცვლოდ, ვიღაცასთან თანამშრომლობა სწორი არ არის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსიდან უნდა გავიდეს და დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელება სცადოს.
„ზოგადად, გასაგებია ვისზეც საუბრობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გარემო გაჯანსაღდეს, „ნაცმოძრაობამ“ დატოვოს ეს პარაზიტების, მოღალატეების რაღაც გაერთიანება, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – ინადირონ მიხეილ სააკაშვილის ხმებზე, და სცადოს თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელება. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მართალია და იმედია, შიგნით, პარტიაში წესიერად მოიქცევიან, რადგან ზოგიერთები, როგორც ჩანს, მთლად არ უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს. გამოსასვლელია ამ ალიანსიდან და ამ ალიანსის შექმნაც შეცდომა იყო“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილის მოსაზრებით, სააკაშვილი ნიკა გვარამიას გულისხმობს თავის განცხადებაში, სადაც ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება. ამასთან, ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, სააკაშვილის განცხადება, გვარამიას გარდა, სხვებსაც ეხებათ.
„ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია და სინამდვილეში, ყველამ ყველაფერი იცის. როგორც მინიმუმ, ერთი, რა თქმა უნდა, გვარამიაზეა საუბარი. მე სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ, მაგრამ არა მარტო მასზე. საბოლოო ჯამში, ვინც ყველაზე მეტად შფოთავს, ის არის ხოლმე ყოველთვის ეჭვმიტანილი ასეთი ტიპის ბრალდებების შემდეგ. ვიღაც ადამიანები არც მიხეილ სააკაშვილისთვის არ წარმოადგენენ საერთოდ არანაირ პრობლემას და საბოლოო ჯამში, შეიძლება, „ნაცმოძრაობაში“ გადავიდნენ კიდეც, ალიანსი დაიშალოს, მაგრამ ყველაზე ოდიოზური ფიგურები, როგორც წესი, ასეთი შემოგზავნილები არიან, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი წერს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოსტი არის გამიჯვნა იმისგან, რასაც ნიკა გვარამია აკეთებდა.
„რაც უნდა იყოს მიზეზი, პოსტი არის, ფაქტობრივად, პირდაპირი დადანაშაულება გვარამიასი და გამიჯვნა იმისგან, რასაც გვარამია აკეთებდა, ფული იქნება ეს, ბოიკოტი, თუ რამე სხვა. ამიტომ სწორია, რომ გვარამია ოპოზიციას ანგრევდა, ეს ისედაც გასაგები იყო. უბრალოდ, ეს რამდენ ხანს გასტანს, იქნება თუ არა მიშა თანმიმდევრული და ბოლოს და ბოლოს გადაიაზრებს თუ არა წარსულში დაშვებულ შეცდომებს? გასაგებია, რომ თვითონაც შეუწყო ხელი ამ ყველაფერს, მათ შორის 2024 წლის არჩევნების წინ და შემდგომ. ამიტომ დაველოდოთ, დავაკვირდებით, მაგრამ რამდენიმე დღეა, მიხეილ სააკაშვილი სწორად იქცევა. ამ ალიანსის 90% არაფერს წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის გარეშე. საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ალიანსს თუ დატოვებს, ალიანსი აღარ იარსებებს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
0
0