
ადგილობრივი არჩევნები, ზოგადად, ყოველთვის რთული არჩევნებია. 2025 წელსაც იმ რეგიონებში ვიღებდით მონაწილეობას, სადაც მაღალი რეიტინგი გვქონდა, სხვა შემთხვევაში ეს ფულისა და რესურსების ფლანგვაა, რაც შეზღუდულად გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ რეგიონებში, სადაც ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, პარტიის მხარდაჭერა არ არის ისეთი მაღალი, რომ გამარჯვებისთვის რეალური შანსი იყოს.
„ამიტომაც ამისთვის რესურსებს არ გავფლანგავთ. ჩვენ ვემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მთელი ფოკუსი ამაზე გვაქვს. რაც შეეხება ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას, მგონია, რომ დიდი ნაწილი იმ ოპოზიციისა, რომელიც ბოიკოტში იმყოფებოდა, პოლიტიკურ ველზე უკვე აღარ არსებობს. სხვა პარტიებმა ალბათ მათ შეცდომებზე უნდა ისწავლონ და მათი შეცდომები არ გაიმეორონ. ცალკეული მათგანი რომელიღაც შუალედურ არჩევნებში მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შუალედური არჩევნები გადამწყვეტ გავლენას არაფერზე იქონიებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტს მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში, საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით 17 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიმართოს.
0
0