04/10/2021
17:31
საზოგადოება
“როგორც ვიხილეთ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მცირე ხარვეზების მიუხედავად, რომლებსაც საბოლოო შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ, დამტკიცდა, რომ ცესკოს ადმინისტრაციამ შესანიშნავად შეასრულა დაკისრებული მისია და აღნიშნული საბოლოო ანგარიშებში ჰპოვებს ასახვას”, - აცხადებს ანალიტიკოსი ალექსანდრე მიშველიძე.
მისივე თქმით, ხმების პარალელური დათვლის შედეგებისა და ეგზიტპოლების თანხვედრა ცესკოს საბოლოო შედეგებთან ხაზს უსვამს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან გადაჭარბებული იქნება.
“როგორც მოსალოდნელი იყო, 2 ოქტომბერს, საღამოს 20 საათიდან, დაიწყო ეგზიტპოლების ომი. Edison Research-ის ეგზიტპოლი დაემთხვა ცესკოს საბოლოო შედეგებს.
ამჯერად, მეთოდოლოგიაში პრობლემა აღარ ჰქონია არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-საც და ხმების პარალელური დათვლის შედეგი ცესკოს საბოლოო შედეგებთან მსგავს ცდომილებაში არ ყოფილა, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო”, - დასძენს მიშველიძე.
ანალიტიკოსის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მოწოდება პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ მოემზადონ მეორე ტურისთვის, ნიშნავს, რომ არჩევნები სრულად ლეგიტიმურია და მეორე ტურის ბოიკოტირება, რომელსაც გასულ წელს ჰქონდა ადგილი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად ვეღარ გამოდგება.
“2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე დამდგარმა შედეგებმა წარმოაჩინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ზუსტად ასახავდა საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და ოპოზიციური ძალების ბოიკოტი იყო კრიზისის ხელოვნურად შექმნის მცდელობა.
მაშინ ოპოზიციურ პარტიებს მხსნელად ISFED-ი მოევლინათ, რომლის პარალელური დათვლის გაყალბებული შედეგი ავტორიტეტული ორგანიზაციების საბოლოო ანგარიშებზე მაღლა დააყენეს და მხოლოდ მას იყენებდნენ ვითომ გაყალბებული არჩევნების საილუსტრაციოდ. ამჟამად კი არ არსებობს არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები თუ ანგარიშები, რომლებიც არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ”, - აცხადებს ალექსანდრე მიშველიძე.
0
0