
2023 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება მნიშვნელოვან ეტაპად იქცა ორმხრივ ურთიერთობებში. გაიხსნა მყარი პარტნიორობის ახალი თავი, რომელმაც შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მრავალი გზა შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო კვლავ ადასტურებს მყარ ვალდებულებასა და მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის დიდი ხანია, არსებობს მჭიდრო და გულითადი ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებულია თანასწორობაზე, ორმხრივ პატივისცემასა და საერთო ინტერესებზე. წლების განმავლობაში ორმხრივი თანამშრომლობა გაფართოვდა როგორც მოცულობით, ისე შინაარსით, თანდათანობით ამაღლდა ჩვენი ურთიერთობა ახალ საფეხურზე და ასახა ჩვენი პარტნიორობის სიღრმე. ამ კუთხით, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება მნიშვნელოვან ეტაპად იქცა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. გაიხსნა მყარი პარტნიორობის ახალი თავი, რომელმაც შექმნა ორ ქვეყანას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მრავალი გზა. დღეს, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდამეთოთხმეტე წლისთავს აღვნიშნავთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულება მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულება სი ძინპინმა მნიშვნელოვანი ერთობლივი განცხადება გააკეთეს მისალოც წერილებში: ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ამაღლდება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლება, ასახავს ჩვენი ორმხრივი ინტერესების სიღრმეს და საერთო ერთგულებას, განვავითაროთ მშვიდობა, კეთილდღეობა, მდგრადი განვითარება ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისათვის. ეს გახსნის ფართო გზებს ორმხრივ ინტერესთა სფეროებში უფრო აქტიური თანამშრომლობისათვის. საქართველო კვლავ ადასტურებს მყარ ვალდებულებასა და სრულ მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთობლივი ინიციატივები და პროექტები კვლავაც მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის მტკიცე კავშირები გააგრძელებს აყვავებას, რაც ჩვენი ერებისა და ხალხების ინტერესებს ემსახურება. მსურს, მივულოცო ორივე მხარეს ეს დიდი მიღწევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წევრებს, ჩემს კოლეგებს სხვადასხვა სამინისტროში, კოლეგებს საქართველოს მთავრობაში. მადლობა საქართველოში ჩინეთის ელჩს. მადლობა საქართველოში მდებარე ჩინეთის საელჩოს ყველა თანამშრომელს“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
0
0