14/11/2023
11:21
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ღაზას უმსხვილესი საავადმყოფო "სასაფლაოს დაემსგავსა".
ალ-შიფას საავადმყოფო, რომელიც ღაზას ჩრდილოეთით მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, „ჰამასი“ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში სამეთაურო-საკონტროლო ცენტრს ამუშავებს. „ჰამასი“ და საავადმყოფო ამ ინფორმაციას უარყოფს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა თქვა, რომ დაახლოებით 600 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, სხვები კი დერეფნებში აფარებენ თავს.
„საავადმყოფოს ირგვლივ ცხედრებია, რომელთა მოვლაც კი, დაკრძალვა ან რაიმე სახის მორგში გადაყვანა შეუძლებელია. საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში აღარ მუშაობს. ის თითქმის სასაფლაოა", - დასძინა ლინდემაიერმა.
ექიმებმა ასევე საავადმყოფოში სხეულების დაგროვებისა და გახრწნის შესახებ ისაუბრეს. როგორც BBC-ს განუცხადეს, ისრაელის ხელისუფლებამ ექიმებს ჯერ კიდევ არ მისცა ცხედრების დამარხვის ნებართვა. მათივე თქმით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძაღლები შევიდნენ და გვამების ჭამა დაიწყეს.
ჯანმოს განცხადებით, შემაშფოთებელია ათობით დღენაკლული ბავშვის ბედი, რომლებსაც, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ინკუბატორებში საფრთხე ემუქრებათ. შვიდი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო გარდაიცვალა.
ალ-შიფას გარდა, ღაზას სექტორის სხვა საავადმყოფოებმა „ჰამას“-ისრაელის ბრძოლებისა და ბლოკადის გამო შექმნილი ელექტროენერგიის დეფიციტის შესახებ განაცხადეს.
0
0