
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გელა შერმადინს უსმენენ.
შერმადინმა კომისიის სხდომაზე 14-15 აგვისტოს ახალგორში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„როგორც მოგეხსენებათ, ახალგორში აბსოლუტურად არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ განვითარებულა, ტყვიაც არ გავარდნილა, კონფლიქტი არ მომხდარა ოსსა და ქართველს შორის, არც რამე სამხედრო დანაყოფები იყო შემოსული. უბრალოდ, 9-10 აგვისტოს ჩვენი სამხედრო დანაყოფები შემოვიდნენ ხეობაში, ალბათ მოსახლეობის დაცვის მიზნით, რომ ვიღაცები მთებიდან არ გადმოსულიყვნენ. ახალგორში, ზაფხულის პერიოდში ქსნის ხეობა სავსე იყო დამსვენებლებით. ქაოსური, ქაოტური სიტუაცია იყო, რადგან მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, რა მოხდებოდა, ახალგორში შემოვიდოდნენ რუსები, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მოსახლეობა ერთი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, 8 აგვისტოდან 15 აგვისტომდე პერიოდში ღამე გადიოდა ტყეებში, მინდვრებში გაჰყავდათ მოხუცები, ბავშვები, იქ აფარებდნენ თავს, რათა უცებ ღამე არ მომხდარიყო შემოსვლა. ახალგორში, ფაქტობრივად, რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც უკვე გადაწყვეტილება იყო მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ არც გვეგონა, რომ შემოვიდოდნენ და დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას. მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, არც ევაკუაცია განხორციელებულა, არაფერი. ტელევიზიით ცნობილი ფაქტია, რომ იგოეთთან ჩვენს საპოლიციო მანქანებს გადაკეტილი ჰქონდათ ტერიტორია და ბეტეერმა გაარღვიეს და წამოვიდნენ, გამოიარეს სოფელი ლამისყანა, ახმაჯი, შემოვიდნენ ეგრეთ წოდებულ ახალგორში. სოფელ ოძისში განთავსდნენ რუსები. ანუ შესასვლელი დაიკავეს მთლიანად რუსებმა, აკონტროლებდნენ შესასვლელ-გამოსასვლელებს. შემდეგ აბრევის მხრიდან ნელ-ნელა შემოიყვანეს მძიმე ტექნიკაც“, – განაცხადა გელა შერმადინმა.
კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა გელა შერმადინს მიმართა კითხვით, ზუსტად რომელ რიცხვებში ხდებოდა ეს, რაზეც შერმადინმა აღნიშნა:
„როგორც ვიცი, დაახლოებით 14-15 აგვისტოა. ასე მახსოვს, როცა იგოეთში ბეტეერმა გამოარღვია პიკაპები, გადაყარა აქეთ-იქით. ჩვენთან ხეობაში იყო შემოსული პატარა დანაყოფები, ხალხი გამორბოდა. მეც, ჩემი ოჯახით ზუსტად ამ დროს წამოვედით ბავშვებით. გამოვასწარით, მაგრამ ყველამ ვერ გამოასწრო. უკან დარჩა მოსახლეობა, რახან რუსებმა გადაკეტეს გამოსასვლელი. სხვათა შორის, ჩვენ უკან მოდიოდნენ პოლიციელები და უკან დააბრუნეს. ახალგორში როდესაც შევიდნენ, როგორც ვიცი, ბრძანება ჰქონდათ, რომ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის შენობაში. შემდეგ რუსის ჯარებს შემოყვნენ ოსური ბანდფორმირებები და მათ დააკავეს ეს პოლიციელები. 10-15 ქართველი პოლიციელი ჰყავდათ დაკავებული ეგრეთ წოდებულ ოსურ ბანდფორმირებებს თუ საჯარისო ნაწილებს“.
სოზარ სუბარმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა გელა შერმადინს: „ომის დაწყებიდან გასულია შვიდი დღე. გაფრთხილებული იყო თუ არა მოსახლეობა, რომ საფრთხე არსებობდა, პოლიციის რაზმი უნდა გამოსულიყო, რაზეც შერმადინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო.
„ასეთი გაფრთხილება არ იყო. ყოველდღიურად ელოდებოდ მოსახლეობა, რომ ვიღაც რაღაცას ეტყოდა. მეც არ ვიცოდი, რა მდგომარეობა იყო“, – განაცხადა გელა შერმადინმა.
0
0