22/11/2023
12:20
მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი აჯანყების დღეს დუმაში სიტყვით გამოსვლას გეგმავდა, - ამის შესახებ The Moscow Times-ი წერს.
მედიის ცნობით, ის მოითხოვდა თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსის სერგეი გერასიმოვის დასჯას.
გამოცემის ცნობით, 23 ივნისს პრიგოჟინი სიტყვით უნდა გამოსულიყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მცირე დარბაზში, პარტია „სამართლიანი რუსეთის“ მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე.
წყაროს განცხადებით, გამოსვლის ფარგლებში პრიგოჟინი აპირებდა, ესაუბრა ყველაფერზე, რაც ეხება სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თავდაცვის სამინისტროს და იმას, თუ როგორია რეალურად ჩვენი ჯარის დანაკარგები.
„ის აპირებდა მთელი სიბნელის გახმოვანებას ჩრდილოეთის სამხედრო ოლქის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს შესახებ, იმის შესახებ, თუ რამდენი მსხვერპლია რეალურად ჩვენს მებრძოლებს შორის“, - აცხადებს წყარო.
პრიგოჟინის გარემოცვაში ასევე იმედი ჰქონდათ, რომ მრგვალ მაგიდაზე მასთან ერთად მივიდოდა სერგეი სუროვიკინი, რომელიც მაშინ რუსეთის სამხედრო-კოსმოსურ ძალებს ხელმძღვანელობდა.
„პრიგოჟინს სჭირდებოდა სტატუსური, ოფიციალური მოედანი. ის ფიქრობდა, რომ ასეთ შემთხვევაში მისი სიტყვები ყოველგვარი ცენზურის გარეშე ვლადიმირ პუტინამდე მივიდოდა“, - აცხადებს სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი.
Moscow Times-ის წყაროების ცნობით, პრიგოჟინი იმედოვნებდა, რომ ამ გზით შეძლებდა რუსეთის პრეზიდენტის ყურადღების მიქცევას, რომელთანაც დაკარგა წვდომა და მოიპოვებდა მის მხარდაჭერას თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს სერგეი გერასიმოვთან დაპირისპირებაში.
გაზაფხულზე „ვაგნერის“ დამფუძნებელმა სათათბიროს სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს სიტყვით გამოსვლის ნებართვა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
მრგვალ მაგიდას უნდა დასწრებოდნენ პრიგოჟინის კუთვნილი მედიაჰოლდინგის, „პატრიოტის“ ჟურნალისტები, რომლებიც ღონისძიებას გააშუქებდნენ და ამას, პრიგოჟინის გეგმის მიხედვით, სკანდალი უნდა მოჰყოლოდა, თუმცა, The Moscow Times-ის წყაროების განცხადებით, საბოლოო ჯამში, 22 ივნისს, მრგვალ მაგიდამდე ერთი დღით ადრე პრიგოჟინმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
0
0