
Air Moldova-მ 2 და 3 მარტს დაგეგმილი რეისები, მათ შორის თბილისის მიმართულებით, გააუქმა. ამის მიზეზად ავიაკომპანიაში „ოპერაციული სირთულეები“ დაასახელეს.
ფრენები გაუქმდა ასევე პრაღის, პარიზის, ლონდონისა და სტამბოლის მიმართულებით.
„რეისების გაუქმების მიზეზი – ოპერაციული სირთულეებია. ავიაკომპანიის მფლობელობაში არსებული ორი თვითმფრინავი ფრენებისთვის ხელმისაწვდომი არ არის“, – განმარტეს ავიაკომპანიაში.
ასევე Air Moldova-ს ცნობით, გაუქმდა რეისი ვერონა-კიშინიოვი. ამ რეისის მგზავრები მილანის აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი მოლდოვის დედაქალაქში გაემგზავრებიან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 14 მარტიდან კიშინიოვის მიმართულებით რეისებს აუქმებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზეზებით ახსნეს.
„ვიზეარი“, კიშინიოვის ნაცვლად, გაზრდის რეისების რაოდენობას რუმინეთის ქალაქ იასიში, რომელიც მოლდოვის დედაქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტებმა, სულ მცირე, ორჯერ დაარღვიეს. თებერვლის დასაწყისიდან კი უკრაინისა და მოლდოვის მთავრობებმა არ გამორიცხეს, რომ რუსეთი მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციას გეგმავდეს.
0
0