
ლეგენდარული როკ-ჯგუფის „პინკ ფლოიდის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბრიტანელმა მუსიკოსმა როჯერ უოტერსმა, გაეროში უკრაინის ელჩი კიდევ ერთხელ გააბრაზა. დიპლომატმა ბრიტანელ მუსიკოსს „აგური რუსული პროპაგანდის კედელში“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ 79 წლის მუსიკოსი გაეროს უშიშროების საბჭოს, რუსეთის მიწვევით ონლაინ ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ უოტერსმა თავის ვიდეოჩართვაში უკრაინაც და რუსეთიც გააკრიტიკა, უკრაინელმა დიპლომატმა მის მიმართ მეტი უკმაყოფილება გამოთქვა.
თავდაპირველად, ვეტერანმა მუსიკოსმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და მას „უკანონო ქმედება“ უწოდა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ „რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ იყო არაპროვოცირებული, ამიტომ მე ასევე მკაცრად ვგმობ პროვოკატორებს. დღეს ერთადერთი გონივრული ქმედება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა იქნება“- აღნიშნა მუსიკოსმა, რომელიც ეკრანზე თავის ძაღლთან ერთად გამოჩნდა.
რუსეთის ელჩმა უოტერსის კრიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიმჩნია და მუსიკოსი შეაქო "მოვლენების ზუსტი ანალიზისთვის".
რაც შეეხება უკრაინის ელჩს, სერგეი კისლიცამ გაიხსენა, რომ „პინკ ფლოიდი“ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იკრძალებოდა, რადგან მაშინ როკ-ჯგუფმა მკაცრად დაგმო ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეჭრა.
"ახლა კი მისტერ უოტერსი ცდილობს გაამართლოს რუსეთის მორიგი შეჭრა. ბედის ირონიაა და თვალთმაქცობაც კი... რა სამწუხაროა, მისი ყურება ყოფილი გულშემატკივრებისთვის, როგორც მეორე აგური კედელში - რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კედელში“, თქვა უკრაინის ელჩმა გაეროში, სერგეი კისლიცამ.
კისლიცამ ეს ფრაზა გაიხსენა „პინკ ფლოიდის“ ცნობილი კომპოზიციიდან "All in all, you're just another brick in the wall".
როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, რამდენიმე კვირაში, როჯერ უოტერსმა რუსეთისა და პუტინის მიმართ მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.
0
0