საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში ჩვენი ქვეყნის საზღვარი რუსეთის მოქალაქეებმა 427 443-ჯერ გადმოკვეთეს. საქართველოს საზღვრის კვეთის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზეა. შემდეგ მოდიან: თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები. ეს მონაცემები 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 145 339-ით არის გაზრდილი. ეს მონაცემები განსაკუთრებით ყურადსაღებია იმით, რომ ბოლო დროს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის გახშირდა დაპირისპირება. რა საფრთხეების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას ამგვარი რეალობა, ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
- სავსებით გასაგებია, რომ ქართველებისთვის რუსეთის მოქალაქეების ამ კონცენტრაციით ქვეყანაში ყოფნა გამაღიზიანებელია, იმიტომ, რომ რუსეთი ოკუპანტია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთლად ამდენი არა, მაგრამ არც სხვა ეთნოსის წარმომადგენლები არიან ცოტანი. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სავაჭრო გზების გზაგასაყარზე იყო და ყოველთვის გამოირჩეოდა სიჭრელით. შესაბამისად, რისკები საქართველოს წინაშე ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს. თქვენ ხშირად გიკითხავთ ჩემთვის, შეიძლება თუ არა ეს ხალხი რუსული სპეცსამსახურების, მეხუთე კოლონის შემოგზავნილი იყოსო. დიახ, შეიძლება, ისევე როგორც სხვა ქვეყნის ჯგუფები, თურქეთიდან იქნება თუ არაბული ქვეყნებიდან. შემიძლია უამრავი რელიგიური ორგანიზაცია დავასახელო, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. იგივე ითქმის რუსებზეც. თქვენ არ გეგონოთ, რომ დასავლეთი არ გზავნის აქ ჯგუფებს პოლიტიკური დაკვეთით. დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არსებობს იდეოლოგიური ნარატივები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისათვის მიუღებელია. ქართველებისთვის მიუღებელი ნარატივების გამტარებელი ჯგუფებიც ჩვეულებრივად მეხუთე კოლონის ფუნქციას ასრულებენ საქართველოში.
- გასაგებია, მაგრამ ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე სერიოზულ ხიფათს ქართველი ხალხი რუსეთისგან მოელის.
- საფრთხე ნამდვილად არსებობს და სპეცსამსახურებს მეტი ყურადღება და პროფესიონალიზმის გამოჩენა მართებს.
- ასეთი მოცემულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია თუ არა, რომ სახელმწიფომ გარკვეული შეზღუდვები დააწესოს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე, ასევე მათ ეკონომიკურ საქმიანობასა და უძრავი ქონების შეძენაზე?
- ყველაფერია შესაძლებელი: რუსების შემოსვლაზე კვოტირების დაწესებაც, მათი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვაც და ქვეყნიდან განდევნაც. რატომ არ აკეთებს ამას ხელისუფლება? იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს პარიტეტული ურთიერთობა რუსეთთან და გააკეთოს ყველაფერი, რათა კონფლიქტის მონაწილე არ აღმოჩნდეს. "ქართული ოცნების"“ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ის არის, რომ "მშვიდობა შეინარჩუნა". თუმცა უნდა დავფიქრდეთ, რას მოგვცემს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა რუსიც ერთნაირები არ არის. უფრო მეტიც, ზოგიერთი პუტინის რეჟიმს გამოექცა. ამათი ერთმანეთისგან გარჩევა რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, აუცილებელია უსაფრთხოების სამსახურების უფრო გამართული მუშაობა, თორემ თუ პროცესს მიუშვებ, შემოსული ადამიანები კი არა, ადგილობრივები მოგიღებენ ბოლოს.
- რუსები საქართველოში ყიდულობენ უძრავ ქონებას. ბოლო პერიოდში გურიით დაინტერესდნენ, განსაკუთრებით აჭარის სოფლებით, კონკრეტულად, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებით. რა ხდება, რუსებს ზღვისპირეთი მოსწონთ თუ რუსეთის ფედერაციის მიზანმიმართულ ქმედებებთან გვაქვს საქმე?
- არ გამიკვირდება, რომ აჭარაში რუსეთის ფედერაციის დავალებით მოქმედებდნენ გარკვეული ჯგუფები. ეს ავტონომიური ოლქი რუსეთისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ანტითურქული აქტიურობის სივრცე. ჩვენი კანონმდებლობა სრულყოფილი არ არის და ქვეყანას ბევრი მიმართულებით უქმნის საფრთხეს. ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დაუშვებელია უცხოელებისთვის სოფლების აშენება. როგორ შეიძლებოდა ყვარელსა და კასპში არაბული სოფლების აშენება? ექსტრემალური სიტუაციის დროს ასეთი საკითხები ყოველთვის დიდ პრობლემად იქცევა. მე ვფიქრობ, რუსისთვის თუ არაბისთვის მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მიწების მიყიდვა. როდესაც სოციალურ ქსელში მსგავსი საკითხებით აღშფოთებული ქართველების მოსაზრებებს ვკითხულობ, მეც ვუერთდები, მაგრამ ხომ ხედავთ, ამ პროცესის მთავარი ხელშემწყობი მაინც ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეები არიან.
- როგორ წარმოგიდგენიათ, ქართული მიწების გაყიდვა, ქვეყნიდან ქართველების მასობრივი გადინება, ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიულ სურათს ხომ არ შეცვლის?
- მე ქართველების მასობრივად გადინებას უფრო მნიშვნელოვან პრობლემად მივიჩნევ, ვიდრე რუსების ჩამოსვლას. სიმართლე ვთქვათ, დღეს კამპანიური ხასიათი აქვს რუსების მიერ მიწების ყიდვის გამო აღშფოთებას. წლების განმავლობაში სხვისდება მიწები სხვადასხვა ეთნოსის ხალხზე, ზოგჯერ ყველა ერთად არის აღშფოთებული, ზოგჯერ კი ყველა ერთად არის გატრუნული. საქართველოში რუსები ჩამოვლენ თუ არა, საქართველოს დემოგრაფიული სურათი მაინც მძიმეა და ამის მთავარი პრობლემა ქართველი ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებაა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ რუსეთის ის მოქალაქეები, ვინც საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო, ეთნიკური ქართველია და ისიც გაითვალისწინეთ, რომ მაინცდამაინც თავგადაკლული პატრიოტები არ არიან. სხვათა შორის, მაქვს მონაცემები, თუ რამდენი ქართულნომრიანი მანქანა შევიდა აფხზეთში ამ ბოლო დღეების განმავლობაში. ე.ი. აფხაზეთში ქართველების შესვლა არ შეიძლება, სპეციალური კონტინგენტის ქართველების შესვლა შეიძლება?!
- რას გულისხმობთ, რა კონტინგენტს წარმოადგენს ეს ხალხი?
- ჯერ მეტს არაფერს ვიტყვი. ერთი რამ მინდა დავამატო - აფხაზებმა ეს ამბავი უკვე შეამჩნიეს და პანიკაა ატეხილი, ქართველები ბრუნდებიანო. ამასთან, ყველა ის მანქანა სოჭის მხრიდან, ანუ რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.
წყარო: „კვირის პალიტრა“
0
0