
"ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო.
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციამ ვერ მოახერხა, ამომრჩევლის დარწმუნება და რიგი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა.
მისი თქმით, არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო „შემოგდებული“.
„მთელ პერიოდს, რაც გადავიარეთ, კარგი ანალიზი სჭირდება. შეცდომებს აღიარება სჭირდება. ჩვენი შეცდომა იყოს ის, რომ ხალხი ვერ დავარწმუნეთ, მოსულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. რა თქმა უნდა, სხვა ბევრი შეცდომაც იყო. ხელიდან გაშვებული შანსი იყო, თბილისი შეგვეძლო ულაპარაკოდ მოგვეგო, რომ არ ყოფილიყო ვიღაც ჩანერგილი, ვიღაც ზედმეტად გახურებული. სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო.
შეცდომა იყო არჩევნებზე არ მისვლა. შეცდომა იყო ორი თვის წინ დაანონსებული რევოლუცია. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ 4 ოქტომბერს რომ არ დაგეგმო რევოლუცია, 6-ში დაგეგმე... ავანტიურას უნდა ერქვას ავანტიურა. ამ ყველაფერმა კარგად იმუშავა, ძალიან კარგად იყო მოფიქრებული და დაგეგმილი ავანტიურა. ეს იყო ზუსტად რუსული სპეცოპერაცია - არ წახვიდეთ არჩევნებზე და მოდით რუსთაველზე“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ასევე, ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა ზოგად ჭრილში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტზე და თქვა, რომ ქუჩის პროტესტი, რომელიც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, მიუთითებს მოქალაქეთა სიმტკიცესა და შეუპოვრობაზე.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად საზოგადოების დაღლილობისა, წინააღმდეგობა გაგრძელდება და 28 ნოემბერს ფართომასშტაბიან მობილიზაციას ელოდება.
„ერთი წელია ქუჩაში მიმდინარეობს პროტესტი. ერთი წელია ვხედავთ შეუპოვრობას, სიჯიუტეს, სიმტკიცეს, არნახულ წინააღმდეგობას და სამოქალაქო გმირობის მაგალითებს. წინააღმდეგობა გრძელდება. ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა სულ გაყიდულმა ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, ხალხი გადაიღალა, მაგრამ მოვა 28 ნოემბერი და ბევრი ხალხიც გამოვა. მჯერა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება და აუცილებლად დავამარცხებთ ამათ. უბრალოდ რაღაცებია გადასახარისხებელი, დასკვნებია გამოსატანი“, - განაცხადა ელისაშვილმა.
კითხვაზე, რა გეგმით უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, ელისაშვილი პასუხობს, რომ იგი პატივს სცემს ქუჩის პროტესტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკურ ინსტიტუციებში.
„პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკურ ინსტიტუციებში იქნება ეს პარლამენტი, საკრებულო თუ სხვა. პარლამენტში ჩვენ არ ვართ, მანდატები გავაუქმეთ, სიები ჩავხსენით.
ყველას წინაშე ვიხდი ქედს. რუსთაველზე ბოლო პერიოდი შეგნებულად არ მივდივარ, რადგან იქ ზოგიერთ გახურებულ ადამიანთან შეკამათება არ მომივიდეს. ისევ საერთოდ საქმეს დავაზიანებთ. ყველას დიდი პატივს ვცემ, ყველა სამოქალაქო გმირია , ვინც მიდის რუსთაველზე და კეტავს. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკურ ინსტიტუციებში“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ცდილობს, ოპოზიცია ერთმანეთში დააპირისპიროს, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ პარტიებიდან „ლელო-ძლიერი საქართველო“ არ აკრძალონ.
„ჩვენი კოალიცია ჩააკვეხეს ასაკრძალთა სიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებს იძიებდა კომისია და მე ჩამწერეს სიაში. მუხანათობა აქვთ ჩაფიქრებული - აკრძალავენ გვარამიას პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობს“ და არ აგვკრძალავენ ჩვენ. შემდეგ დანარჩენები გამოხტებიან და ისევ დაგვიწყებენ ლანძღვას. უნდათ კიდევ უფრო გააღრმაონ დაპირისპირება. „ნაციონალური მოძრაობის“ და გვარამიას ხალხი დამწკრივდებიან და დაგვიწყებენ ლანძღვას“,- განაცხადა ელისაშვილმა.
0
0