
ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკომისიის განცხადებით, „ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების კონტექსტში, სამოქმედო გეგმა ვიზალიბერალიზაციის მიღწევისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.
„სამოქმედო გეგმა ტექნიკურ და პოლიტიკურ მოთხოვნებს მოიცავს, რომლებიც სომხეთმა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე უნდა დააკმაყოფილოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გეგმა ითვალისწინებს რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, სასაზღვრო და მიგრაციის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.
„ევროკომისია რეგულარულად შეაფასებს სომხეთის პროგრესს, რათა დაადასტუროს სამოქმედო გეგმაში დადგენილი კრიტერიუმების თანმიმდევრული და ეფექტური განხორციელება, მათ შორის რეგულარული ანგარიშების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.
0
0