
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება.
როგორც კურტანიძის ადვოკატმა, ივანე მეფარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ელდარ კურტანიძე წაყენებული 4 ბრალიდან ერთს - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას აღიარებს, ხოლო დანარჩენს სამს არა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე საკუთარ ქმედებას ინანიებს და „შენდობას ითხოვს“.
„ლუკა კურტანიძეს 4 ნაწილით აქვს ბრალი წაყენებული. ეს არის ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, ნივთის დაზიანება, საკუთრების მფლობელობის დარღვევა და შემაკავებელი ორდენის დარღვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ სამ ნაწილში ბრალს არ ვაღიარებთ. ელდარ კურტანიძემ აღიარა და ჩვენც ვაღიარებთ 126-ე ნაწილს, რაც ძალადობას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ იყო ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი დაზარალებულის მხრიდან და ინანიებს თავის ქმედებას. მიაჩნია, რომ არაპროპორციულად უპასუხა, გარკვეული ფიზიკური შეხება მოხდა და არა იმ ფორმით, რომ მძიმე დაზიანება მიეღო ქალბატონ ხათუნას, მაგრამ იყო ძალიან მძიმე პროვოკაციის მსხვერპლი. ამ პროვოკაციაზე მისი პასუხი იყო არაპროპორციული და ფიქრობს, რომ თავი მეტად უნდა შეეკავებინა. საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე ინანიებს საკუთარ ქმედებას. როგორც საჯარო პირი, როგორც დამსახურებული ადამიანი, როგორც გარკვეული ავტორიტეტის მქონე და გარკვეული მისწრაფებების მქონე ადამიანი ითხოვს შენდობას საზოგადოებისგან და განიცდის მის ამ ქმედებას. ამ ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს“,- განაცხადა ივანე მეფარიშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, მომდევნო სხდომა 29 ოქტომბერს, 15:30 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს.
ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0