
ბელგიის ქალაქ ოსტენდეში უცნობი დრონი შენიშნეს, ნატო ქვეყანას დახმარებას სთავაზობს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
როგორც პოლიციის პრესსპიკერმა, ელინე გოემინემ განაცხადა, გუშინ საღამოს ადგილობრივმა პოლიციამ მიიღო რამდენიმე შეტყობინება უპილოტო თვითმფრინავის გამოჩენის შესახებ. ინციდენტი ქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნული ინციდენტი ბელგიის თავდაცვის მინისტრ, თეო ფრანკენთან განიხილა.
ნატო-ს პრესსპიკერის განცხადებით, ფრანკენმა რუტეს ბელგიაში დრონების აღმოჩენის ბოლოდროინდელი შემთხვევების შესახებ აცნობა. პრესსპიკერის თქმით, „მოკავშირეები ბელგიას ამ პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას სთავაზობენ“.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბელგიაში, ადგილობრივი დროით, 10:00 საათისთვის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი.
ამასთან, მედიის ცნობით, ბელგიის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტების სერიის უკან, რომლებმაც საჰაერო მოძრაობა შეაფერხეს, სავარაუდოდ რუსეთი დგას.
ცნობისთვის, გუშინ ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერდა. ამის მიზეზი გახდა დრონები, რომლებიც აღნიშნული ქალაქების საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს.
0
0
გარდაიცვალა კინომცოდნე გიორგი დოლიძე
06/11/2025