
"ადგილი ჰქონდა მყისიერ ჩამოშლას... ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია", - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელიც შიომღვიმეში დღეს კლდის ჩამოშლას ეხმაურება.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებს ადგილზე აფასებს.
პირველადი შეფასებით შიო მღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში.
ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები", - წერს სააგენტო.
ცნობისთვის, სამონასტრო კოპლექსის ტერიტორიაზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, შესვლა შეზღუდულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა სამონასტრო კომპლექსი - ამის შესახებ საუბარია საპატრიარქოს განცხადებაში.
აღნიშნული შემთხვევის შესახებ კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი დღეს ჩამოიშალა.
0
0