
ადამიანის უფლებათა დამცველმა ხუთმა ჯგუფმა, მათ შორის Amnesty International-მა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა უნგრეთში მიღებული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც პოლიციას ლგბტქ თემისთვის ,,პრაიდის’’ მსვლელობების აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს უქმნის.
აქტივისტების თქმით, ეს ზომები პრაიდის მსვლელობების ფაქტობრივ აკრძალვას ნიშნავს. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომლის მმართველ პარტიას ,,ქრისტიან-კონსერვატიული’’ დღის წესრიგი აქვს, განაცხადა, რომ წელს, ორგანიზატორებმა „არც კი უნდა შეიწუხონ თავი“ ბუდაპეშტში ,,პრაიდის’’ ორგანიზებით.
აღნიშნულმა ხუთმა ჯგუფმა, მათ შორის Amnesty-მ, წამყვანმა ლგბტქ უფლებების დამცველმა ჯგუფმა Hatter Tarsasag-მა და ,,პრაიდის’’ ორგანიზატორმა ჯგუფმა, განაცხადეს, რომ ბუდაპეშტის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, 28 ივნისს დაგეგმილი მსვლელობა მაინც გაიმართება.
„ორგანიზატორები ემზადებიან ყველაზე მასშტაბური ,,პრაიდის’’ მსვლელობისთვის, რაც კი ოდესმე უნგრეთში ჩატარებულა. პოლიციამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება (1 ივნისის) ,,პრაიდის’’ მსვლელობა ბავშვთა უფლებების დარღვევად ჩაითვალოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, უნგრეთის პარლამენტმა, სადაც მმართველი პარტია Fidesz-ი დიდი უმრავლესობით არის წარმოდგენილი, მარტში კანონპროექტი მიიღო, რომელიც ქმნის ლგბტქ მსვლელობების აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს და პოლიციას საშუალებას აძლევს, ,,პრაიდზე’’ დამსწრე პირების იდენტიფიცირების მიზნით, სახის ამომცნობი კამერები გამოიყენოს. აპრილში ასევე დამტკიცდა კონსტიტუციური ცვლილებები, რომელთა თანახმად, უნგრეთი მხოლოდ ორ სქესს - მამრობითსა და მდედრობითს - აღიარებს.
ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უნგრეთი ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევაში დაადანაშაულა, რაც ლგბტქ+ პირების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებით გამოიხატება.
0
0