12/06/2023
10:43
პოლიტიკა
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია.
ამ განცხადებით იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.
„ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
გარდა ამისა, იოსელიანი გამოეხმაურა ჭიათურის მაღაროელების პროტესტს და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მედიაცია მოახდინოს.
„ყოველთვის მზად ვართ, მედიატორის როლი შევასრულოთ ასეთ პროცესში, მაგრამ აქ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრობლემა არის კერძო სუბიექტებს შორის და ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ ამ თვალსაზრისით მაქსიმალური გააკეთოს - მოახდინოს მედიაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს და შეთანხმება მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენი მანდატის ფარგლებში, თუ საჭირო იქნება, მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.
„მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0