
დღეს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ბიუროზე დარეგისტრირდება. სხდომა 15:00 საათისთვის არის დანიშნული. ამის შემდეგ განხილვები დაიწყება ჯერ კომიტეტებზე, შემდეგ პლენარულ სხდომაზე.
ოპოზიცია პროცესში მონაწილეობას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან სხვა თემებზე ცდილობს.
“საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, რასაც მათი კანონი ზღუდავს. კვლავ კანონის გზით შემოტრიალება, მაშინ როდესაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არის კიდევ ერთი მაჩვენებელი კონსტიტუციური სივრციდან გასვლის. ერთსქესიანთა ქორწინებასთან არანაირი შემხებლობა ამ კანონს არ აქვს. აბსოლუტური ანტიდასავლური კამპანიაა წარმოაჩინონ დასავლეთი, როგორც გარყვნილების ბუდე,“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, გიორგი გახარიას პარტიის წევრები აცხადებენ, “რანაირად შეიძლება ისეთ კანონში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კონსტიტუციას არ შეესაბამება.“ “საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, აღნიშნულ კანონს კონსტიტუციურად არ მიიჩნევენ.
ცნობისთვის, ცვლილებები ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება. ის საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს, ასევე, ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.
0
0