12/05/2023
12:32
ეკონომიკა
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა „როსიისკაია გაზეტასთან“ რუსეთსა და საქართველოს შორის საქმიანი კავშირების განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, წელს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეიქმნა რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო, რომელსაც იური ბალაშოვი ხელმძღვანელობს. უკვე დაწყებულია კონკრეტული საკითხების განხილვა.
„ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ მიმართულებები ერთად წინსვლისთვის. საქართველოში გარკვეული წრეების ინტერესი არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მთელი ქვეყნის ინტერესია, მაგრამ ბიზნესს შორის ბევრია მსურველი და ეძებს მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან.
საჰაერო კომუნიკაცია, სავიზო რეჟიმი - არის სიგნალი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას სურს თანამშრომლობა საქართველოსთან და ეს არის პირველი, რაზეც ვისაუბრეთ საბჭოს შექმნისას.
როგორც რუსი დიპლომატები ამბობენ, „რუსული მხარის პრინციპული მიდგომაა რუსეთსა და საქართველოს მოსახლეობას შორის კომუნიკაციისა და კონტაქტების თანმიმდევრული ხელშეწყობა, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა“. სწორედ ამისკენ არის მიმართული განკარგულება საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
ხოლო რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს საქმიანობა არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაა, არამედ ჰუმანიტარული საკითხებიც. დღეს რუსეთში ქართული დიასპორის დღის აღნიშვნა დაიწყო. პროგრამა მოიცავს რუსეთში აღმოჩენილი უძველესი ქართული ფრესკების ასლების გამოფენის გახსნას, ქართული ცეკვის ფესტივალს და საბჭოს მორიგი სხდომას. ჩვენი ქართველი პარტნიორები და ბიზნესსაბჭოს წევრები დღესასწაულისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ოპტიმისტური დამოკიდებულება ჩვენს ერთობლივ მუშაობაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება“ - აცხადებს სერგეი კატირინი.
კითხვაზე, არის თუ არა რაიმე პროგრესი საქმიან ურთიერთობებში? კატირინი პასუხობს: დიახ, ახლახან მოგვარდა პირდაპირ საქართველოდან კონიაკის სპირტის მიწოდების საკითხი.
„ჩვენს პარტნიორებს ასევე სურთ ქართული ღვინის მოწოდება, რათა მეტი მეურნეობა იყოს სერტიფიცირებული და ჰქონდეს შესაძლებლობა გაყიდოს პროდუქცია რუსეთში. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს მწვავე პრობლემები ღვინოსთან დაკავშირებით, როგორც ადრე. ბევრი ამტკიცებს, რომ ჩვენი ღვინოები დღეს ძალიან, ძალიან კარგი ხარისხისაა. ყუბანი, ყირიმი და ა.შ. მაგრამ არის სხვა მიმართულებებიც. იგივე ტურიზმი, მაგალითად“.
მისი თქმით, იგეგმება დელეგაციების ვიზიტი საქართველოში კოლეგებთან შესახვედრად.
0
0