
ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის შვილს 16 ივლისს, გვიან ღამით, კბილისა და ყბის გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, მეორე დღეს კი ცუდად გახდა, ექიმის მიერ დანიშნულმა ანტიბიოტიკმა ალერგიული რეაქცია მისცა და უმართავი ცხელება ჰქონდა, რის გამოც ისტორიის გამოცდაზე გასვლა ვერ შეძლო. ამის გამო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მის შვილს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლებას არ აძლევდა. მშობელმა კი სასამართლოს მიმართა.
ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, აბიტურიენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლებას მისცემენ. მის ინტერესებს აღნიშნული ორგანიზაცია იცავდა:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს" დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება.
სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო (ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება) ვერ გამოცხადდა.
რომ არა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, აბიტურიენტი დაკარგავდა ერთ სასწავლო წელს. მოსამართლემ გადაწყვეტილება 24 საათში მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილებით აბიტურიენტს მიეცემა შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლოს განათლების უფლებით." - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0