
ონლაინ პორტალზე taxi.tbilisi.gov.ge ტაქსის ლიცენზიების გასხვისებაზე განცხადებები უკვე განთავსებულია და დღეის მდგომარეობით, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის შეძენა დაახლოებით 10 000 ლარად არის შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ ჯამში, 35 000 ნებართვაა გაცემული.
„ყველას შეუძლია, შეიძინოს ნებართვა. რომ შეხვიდეთ TAXI.TBILISI.GOV.GE-ზე, გამოდებულია გასაყიდად გამოტანილი ნებართვები. ჯერჯერობით, ფასი არის დაახლოებით 10 000 ლარი. ამ თანხას აფასებენ და ვნახოთ, საბოლოოდ ბაზარი დაარეგულირებს, თუ რა ფასზე დაჯდება თითო ნებართის საფასური. ერთი რამ ცხადია, რომ თუ ეს არის საბაზრო ფასი, საკმაოდ მსხვილი კაპიტალიზაცია მოხდა ტაქსის ბაზარზე, ვინაიდან გაცემულია 35 000 ნებართვა“, - აცხადებს BMG-სთან ვიცე-მერი.
რაც შეეხება B კატეგორიის მძღოლებს, ხმალაძის თქმით, ამ ეტაპზე მათთვის არანაირი უპირატესობის შემოღება არ იგეგმება.
„ეს არის ე.წ. დერეგულირებული ტაქსის ბაზარი, სადაც ფერის სტანდარტიც კი არ გვაქვს დადგენილი. ეს არის მათი კომფორტი, რომ არ მოუწიათ პირადი სატრანსპორტო საშუალებები გათეთრება [გადაღებვა]. მათ ეს ამჯობინეს და მომსახურებას B კატეგორიის ბაზარზე ახორციელებენ. თუმცა, დღესაც ყველას შეუძლია, შეიძინოს ნებართვა“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
ცნობისთვის, 1 აპრილიდან taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია ამოქმედდა და ლიცენზიის მფლობელებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, თავის კუთვნილებაში არსებული ლიცენზია გაასხვისონ ან გააქირაონ.
0
0