
ცნობილი ფოტოგრაფი ელიოტ ერვიტი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
,,ის, საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში, გარდაიცვალა", - განაცხადა ფოტოგრაფთა კოლექტივმა Magnum-მა, რომლის წევრიც ელიოტ ერვიტი 1953 წლიდან იყო.
ელიოტ ერვიტი პარიზში, 1928 წელს, რუსი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ის 10 წელი ცხოვრობდა იტალიაში, მაგრამ ფაშიზმმა ოჯახი აიძულა, დაეტოვებინა ქვეყანა და აშშ-ში გადასულიყო საცხოვრებლად.
ერვიტი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და განქორწინებული; ჰყავს 6 შვილი, 10 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი.
ელიოტ ერვიტი ცნობილი გახდა თავისი გულწრფელი და ხშირად მხიარული შავ-თეთრი სურათებით. მან ფოტოზე ასახა ისეთი მნიშვნელოვანი მომენტები, როგორიცაა 1959 წელს აშშ-ის იმდროინდელ ვიცე-პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონსა და საბჭოთა პრემიერ-მინისტრ ნიკიტა ხრუშჩოვს შორის მომხდარი სამარცხვინო ჩხუბი.
2017 წელს, რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის 100 წლისთავზე, ფოტოგრაფმა BBC-სთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ორი მსოფლიო ლიდერის ჩხუბის მოწმე ცივი ომის დროს: „ისინი ,,ეგოცენტრულები” იყვნენ - თავიანთი აუდიტორიისთვის უკრავდნენ“.
პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, ერვიტი ცნობილი იყო სამგლოვიარო (მის მიერ გადაღებულ ფოტოზე ასახულია ჟაკლინ კენედი ქმრის დაკრძალვაზე), ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) და მნიშვნელოვანი კულტურული მომენტების ამსახველი ფოტოებით.
1960 წელს, 32 წლის ასაკში, ერვიტმა ვესტერნის კლასიკის The Misfits - ფილმისთვის სარეკლამო კადრები გადაიღო, რომელშიც მერლინ მონრო, მონტგომერი კლიფტი და კლარკ გეიბლი მონაწილეობდნენ.
,,ერვიტისთვის მახასიათებელი იყო ცხოვრების ყველაზე აბსურდული და მომხიბვლელი მომენტების ძიება. მისი მტკიცე რწმენა იყო, რომ ფოტოგრაფია უფრო გრძნობებსა და ემოციებს უნდა ესაუბრებოდეს, ვიდრე გონებას“, - ნათქვამია Magnum-ის განცხადებაში.
Magnum-მა დასძინა, რომ ის „ამაყად დაიცავს და გააგრძელებს [ერვიტის] შთამაგონებელ მემკვიდრეობას ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ისტორიაში“.
2024 წლის მარტამდე, ერვიტის ნამუშევრების კოლექცია La Sucrière-ში (საფრანგეთი, ლიონი) იქნება წარმოდგენილი.
0
0