ევროინტეგრაციის გზაზე 9 ნაბიჯის შესრულების ფარგლებში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს.
ცვლილებების თანახმად, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.
კანონპროექტებით, ორივე სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის დროს, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.
ცვლილებების თანახმად, საკონკურსო კომისია ორივე სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატებს შეარჩევს გაზრდილი კვორუმით, კერძოდ, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, ნაცვლად დამსწრეთა ხმათა უმრავლესობისა. ასევე, ორივე სამსახურისთვის იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები 11 კვირიდან 14 კვირამდე.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური “სისხლის სამართლის კოდექსის” ცალკეული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორის მიერ არის ჩადენილი.
რაც შეეხება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა, დაბრუნდება კანონის მოქმედი რედაქციის ის მუხლი, რომლის თანახმად, კანონის შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს.
კანონპროექტში ასევე ბრუნდება მოქმედი ნორმა, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდება.
ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
0
0