07/11/2022
21:10
პოლიტიკა
IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ხოლო 78% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ბიზნესის რეგისტრაციის.
„საქართველოს მოქალაქეებში მოთხოვნა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი კვლავ მაღალია. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი, ურყევი სურვილი, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ოჯახს, რასაც ჩვენი ბოლო კვლევაც ადასტურებს“, - განაცხადა სტივენ ნიქსმა, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ.
„ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული რუსების მასიურად შემოდინებას ქვეყანაში, საჭიროა რომ საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღოს და გაითვალისწინოს აღნიშნული განწყობა საზოგადოებაში“ , განაცხადა სტივენ ნიქსმა.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0
0