საქართველოს პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავერცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.
„სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, ქობულეთში 80 წლამდე მამაკაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისათვის გუშინ დააკავეს.
შემთხვევა ქობულეთის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მამაკაცი და შშმ პირი მეზობლები არიან, ისინი ერთ ეზოში სხვადასხვა კორპუსში ცხოვრობენ.
31 წლის შშმ პირის მამა ჰყვება, რომ პოლიციაში კორპუსთან მდებარე ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომლებმა დარეკეს. მათი ჩვენებით, 80 წლამდე ტაქსის მძღოლმა მანქანაში ჩაისვა და სექსუალურად შეავიწროვა 31 წლის შშმ პირი.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 138 მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
0
0