29/11/2024
11:24
მსოფლიო
29 ნოემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს დაათვალიერებს, 7 დეკემბერს კი ტაძარი ხელახლა გაიხსნება.
7 დეკემბერს, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შუა საუკუნეების საკათედრო ტაძრის წინ სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც, პარიზის მთავარეპისკოპოსი ლორენტ ულრიხი კვერთხით ტაძრის კარიბჭესთან რელიგიურ რიტუალს ჩაატარებს. მთავარეპისკოპოსი საკათედრო ტაძრის უძველეს ორღანს აკურთხებს და, ტაძრის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით, მესას აღავლენს. აღნიშნულ ცერემონიაზე დამსწრე სტუმრების სია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
საკათედრო ტაძრის ინფორმაციით, დეკემბრის დასაწყისიდან, ვიზიტორებს შეეძლებათ უფასოდ დაჯავშნონ ბილეთები ვებსაიტზე, სოციალური მედიის ან სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, რათა შენობაში შესვლა იმავე დღეს ან დაჯავშნიდან 1-2 დღის შემდეგ შეძლონ. ბილეთების შეძენა ადგილზე - დაჯავშნის გარეშეც - იქნება შესაძლებელი.
Reuters-ის ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ყოველწლიურად 14-15 მილიონ ვიზიტორს მიიღებს. საფრანგეთში განიხილება საკითხი, ტაძარში შესასვლელად ბილეთები ფასიანი უნდა იყოს თუ არა ვიზიტორებისთვის. ეკლესია ამის წინააღმდეგია და, ამჟამად, ბილეთები უფასოა.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 15 აპრილს, მასობრივი ხანძარი ტაძრის სახურავს მოედო და მთავარი სამრეკლო თითქმის დაანგრია. სახურავი ჩამოინგრა, თუმცა სამრეკლოებისა და ფასადის შენარჩუნება მოხერხდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ელექტროგაუმართაობა ან სიგარეტის ნამწვი გახდა.
0
0