
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თბილისში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიპოვა.
საქართველო – ესპანეთი 46:28
ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში შეძლო „ბორჯღალოსნებისთვის“ მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაეწია. საწყის წუთებში საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდათ, რითიც ესპანელებმა ისარგებლეს და ერთ ეპიზოდში 13:5 დაწინაურდნენ, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ პირველვე ტაიმში მოახერხეს მობილიზება და ტაიმის ბოლომდე სამი ლელოს დადება შეძლეს (მხოლოდ ერთი გარდასახეს) და პირველი ნახევარი 17:16 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა უკეთესად ჩაატარა მეორე ტაიმი, მეტოქეს ერთმანეთზე უკეთესი, ლამაზი ლელოები დაუდო, ვანო კარკაძემ და აკაკი ტაბუცაძემ ჰეთთრიკი შეასრულეს, აკაკიმ კი სანაკრებო კარიერაში 50-ე ლელო (51 თამაშში) მიითვალა და მსოფლიო საუკეთესო მელელოვეთა ათეულში მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. ბექა გორგაძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში 50-ე მატჩი ჩაატარა, სანდრო თოდუამ კი ნაკრების მაისურა 120-ედ მოირგო და ყველა დროის რეკორდსმენობამდე 3 მატჩი აშორებს (რეკორდსმენი დავით კაჭარავაა 122 მატჩით).
საბოლოოდ საქართველომ 46:28 მოიგო და რაგბის ევროპის ჩემპიონატი მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიგო.
0
0