
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ევა შაშიაშვილმა რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი დღეს შეეცვალა.
„უსამართლობა ხდება, ეს არ უნდა მომხდარიყო, ჩვენ არავინ არ ვართ დამნაშავეები, ვინც ციხეში ვართ, ჩვენ ყველანი რუსული რეჟიმის მსხვერპლი ვართ. იმედია შეიცვლება. თავიდან იარაღის ტარებას, თანხის აღებას და ასეთ სისულელეებს მეუბნებოდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს ასეთი რაღაც ჩემგან, ერთ-ერთი ნივთის სროლა ვაღიარე. უნდოდათ, რომ მეთქვა - იყო ძალადობები, პირადი მიმოწერა ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან, მაგრამ ეს ძალიან დიდი სისულელეა. ჩემს შვილს უჩემოდ ძალიან უჭირს. პირველ რიგში მასთან მივდივარ, უნდა წამოვიყვანო სახლში. მადლობა ყველას. ყველა იმ ადამიანს, ვინც ციხეში ზის, ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას და იმედს", - განაცხადა ევა შაშიაშვილმა.
შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, მიზეზი კი შაშიაშვილის ჯანმრთელობა გახდა, რომელიც, დაცვის მხარის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საპატიმრო დაწესებულებაში კიდევ უფრო გაუარესდა. გარდა ამისა, ბრალდების მხარის განცხადებით, პატიმრობის გირაოთი შეცვლის კიდევ ერთი მიზეზი ბრალდებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გახდა და ასევე ის, რომ შაშიაშვილმა აღიარა ბრალი და მტკიცებულებები უდავოდ ცნო.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სხდომას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ევა შაშიაშვილი დისტანციურად ესწრებოდა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირია მიცემული და მათი საქმეები 5 ეპიზოდად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბრალდებულ 15 პირს - გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები
0
0