
ჩვენი მიზანია, რომ ასი ათასობით მოქალაქე შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე. ინფორმაციას გეგმის, დეტალების, ლოკაციების შესახებ, ასევე როგორი იქნება აქციაზე დღის წესრიგი სამოქალაქო მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“, ასევე ლევან ხაბეიშვილი გაგვაცნობს, მიუხედავად იმისა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი არის ევროპული ინტეგრაციის რელსებზე დაბრუნების დღე.
„ბუნებრივია, ხაბეიშვილის რიტორიკას არავინ შეეშვება. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა, ქვეყანაში კონსტიტუცია მათი ხელიდან არის მკვდარი. ქართული სახელმწიფო გადაიყვანეს ევროპული ინტეგრაციის რელსებიდან და 4 ოქტომბერი არის ამ რელსებზე დაბრუნების დღე. ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ამ კამპანიას. ჩვენი მიზანია, რომ ასი ათასობით თანამოქალაქე შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე. დამატებით დეტალებს რაც შეეხება, გეგმის, დეტალების, ლოკაციების, როგორი იქნება აქციაზე დღის წესრიგი, დამატებით ინფორმაციას გაგვაცნობს, როგორც აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“, ისე ლევან ხაბეიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ საპატიმრო დაწესებულებაშია“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება, მათ შორის არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ის არის სახალხო პროცესი.
„ასობით ათასი საქართველოს მოქალაქეს ექნება კონკრეტული ულტიმატუმი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების სადავეებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორებას, ხოლო ეს ჩამოშორება როგორ და რანაირად მოხდება, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს საკუთარი თვალით იხილავს და ამის თანამონაწილე იქნება. 4 ოქტომბერი არ არის რომელიმე ოპოზიციური პარტიის საკუთრება, მათ შორის, არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, 4 ოქტომბერი არის სახალხო პროცესი, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები, საზოგადოებისთვის მაღალი ნდობის პირები, რომელთა მთავარი მოტივაციაა, 4 ოქტომბერს ივანიშვილმა ვერ შეძლოს პირადი მისიის მიღწევა. ამის საპირისპიროდ მოხდეს საქართველოში ის მნიშვნელოვანი გარღვევა, რაც საქართველოს მისცემს იმის შესაძლებლობას, დაბრუნდეს იმ განვითარების რელსებზე, საიდანაც 2012 წლის ოქტომბერს გადაუხვია“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
0
0