
4 ოქტომბერს ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანი დამხობისთვის, თუ უნდათ, ჯგუფურზე დაგვაკავონ, ეს არაფერს შეცვლის ბრძოლისთვის. გეგმა ხალხშია, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის თქმით, ხალხი მზად არის გამარჯვებისთვის და მშვიდობიანი რევოლუციისთვის.
„როგორც იცით, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ ლევან ხაბეიშვილის საქმეს. არა იმიტომ, რომ ვინმეს სჯერა, სააპელაციო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანს, არა, ეს პროცესი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. ეს იყო პირდაპირ ბიძინას დავალება, რადგან დაიჯერა, რომ ის 4 ოქტომბერს აგებს ქართველ ხალხთან. მან დაინახა, რომ ქართველ ხალხში არის გამარჯვების რწმენა, უდიდესი მუხტი. ძალიან კარგად იცის, რომ ხალხი მზად არის რუსთაველზე არა მხოლოდ მისასვლელად, არამედ გამარჯვებისთვის, მშვიდობიანი რევოლუციისთვის. ამიტომ დიახ, ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური. შესაბამისად, რუდუნებით აარჩიეს ის ზონდერ მოსამართლე, რომლის ქმარიც არის სუს-ის თანამშრომელი, იმ სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც შეკერა ლევან ხაბეიშვილის საქმე. მისი ქმარი, გარდა იმისა, რომ სუს-ის თანამშრომელია, ასევე ბრალდებულია და ადანაშაულებენ, რომ კასპში პენსიონრებთან ლევან ხაბეიშვილის შეხვედრისას ამ ადამიანის დავალებით ისროდნენ ქვებს. ამიტომ ყველაფერი გასაგებია. ესენი ძალიან ცდებიან ერთ რამეში – ლევან ხაბეიშვილი, პაატა ბურჭულაძე, ყველა რომ დააკავონ, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ლიდერი, ეს საქმე მივა ბოლომდე, რადგან ხალხის რევოლუციაა, ხალხს უნდა გამარჯვება და 4-ში ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. რაც შეეხება ცალკეული ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებების გამო თურმე სხვებსაც დაიჭერენ, არავის ეშინია არც მაგათი დაჭერების, არც იმის, რომ სუს-ის ტიტუშკებს დაახვედრებენ და დაგვახვედრებენ, ფიზიკურად გაგვისწორდებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიახ, შეთავაზება არის ძალაში – 200 ათასი დოლარი ყველა იმ სპეცრაზმელს, ყველა იმ ძალოვანს, ვინც არ ჩაიდენს უკანონობას, ვინც არ დათხრის თვალებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, ვინც ფიზიკურად არ გაუსწორდება, არ დაასახიჩრებს, არ დააკავებს ადამიანებს, რადგან 4-ში ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის. არც ამ სიტყვის არ გვეშინია. დაკავება თუ უნდათ, დაგვაკავონ, თუ უნდათ, ჯგუფურზე დაგვაკავონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არაფერს შეცვლის ბრძოლისთვის, გეგმა ხალხშია, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
0
0