09/11/2024
20:16
მსოფლიო
გერმანიაში ბერლინის კედლის დაცემის 35 წლისთავს აღნიშნავენ. გერმანიის დედაქალაქში ამ დღეს „თავისუფლების ფესტივალი“ იმართება. იმ ადგილას, სადაც ერთ დროს კედელი იდგა გამოფენა ეწყობა, სადაც წარმოდგენილია პლაკატები, რომლებზეც 1989 წლის დემონსტრაციის მოთხოვნებია ასახული.
ბერლინის კედლის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. მისი თქმით, „35 წლის წინათ მშვიდობიანმა რევოლუციონერებმა მიაღწიეს რაღაც დიდს: ერთიან, თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპას“.
„ბერლინის კედლის დანგრევა 35 წლის წინ იყო ზოგადევროპული განვითარების ბედნიერი კულმინაცია. იღბლიანი დღე, რომლისთვისაც ჩვენ, გერმანელები დღესაც მადლობელი ვართ. 35 წლის წინათ რევოლუციით მშვიდობიანმა რევოლუციონერებმა მიაღწიეს რაღაც დიდს: ერთიან, თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპას. განსაკუთრებით ახლა, როცა გლობალური პოლიტიკური ვითარება ძალიან რთულია – იქნება ეს უკრაინაში თუ ახლო აღმოსავლეთში, იქნება ეს კლიმატის დაცვის კუთხით თუ ეკონომიკის თვალსაზრისით, სწორედ ახლა ჩვენ, ევროპელები ერთად უნდა ვიყოთ“ , – განაცხადა შოლცმა.
როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, 1989 წლის თავისუფლების რევოლუციის გზავნილი დღეს აქტუალურია, როგორც არასდროს.
„1989 წლის შემოდგომის ჩვენი საერთო ისტორია გვაჩვენებს, როგორ შეგვიძლია, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს: ერთად დგომით – მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიისთვის. ჩვენ, ევროპელებს შეგვიძლია, ჩვენი თავი იღბლიანებად ჩავთვალოთ, რადგან დღეს ჩვენ ამ ღირებულებებით ვცხოვრობთ. ჩვენი ისტორია და მსოფლიო ჩვენს გარშემო აჩვენებს, რომ ეს არ შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც რამე თავის თავად არსებული. სწორედ ამიტომ 1989 წლის თავისუფლების რევოლუციის გზავნილი დღეს აქტუალურია, როგორც არასდროს – გამბედაობას, თავდაჯერებულობას და ერთიანობას შედეგი მოაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია რამის მიღწევა ერთმანეთის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024