როდესაც საქმე ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, გაეყინათ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, მისი სახელწოდებაა „ევროპის სამშვიდობო ფონდი“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ. ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია“, - აღნიშნა ელჩმა.
0
0