14/07/2023
16:05
მსოფლიო
სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომით გამოწვეული ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, 3,1 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, სუდანში კვლავ ფართოდ გავრცელებულია ეთნიკური ძალადობა, თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და სექსუალური ძალადობა ქალებსა და თინეიჯერ გოგონებზე, რადგან მეომარი ფრაქციები - სუდანის შეიარაღებული ძალები (SAF) და სწრაფი მხარდაჭერის ძალები (RSF) - ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკულ ქვეყანაზე კონტროლის ასაღებად ბრძოლას აგრძელებენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინფორმაციით, სუდანში 2,4 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა, ხოლო 737,801-მა - გადაკვეთა საზღვარი მეზობელ ქვეყნებში. გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისის (OCHA) უახლესი ანგარიშის თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი კვლავ იზრდება - 414,625 ადამიანი იძულებით გადაადგილებულია - გასულ კვირასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 183,102 ადამიანით არის გაზრდილი.
ლტოლვილები (750,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე), მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად, ეგვიპტეში, ჩადში და სამხრეთ სუდანში, ჩადიან. 20,000 ლტოლვილმა ჩადის საზღვარი მხოლოდ გასულ კვირას გადალახა.
”ბევრი მათგანი მძიმედ არის დაჭრილი და აქვს შემზარავი ისტორიები იმ ძალადობის შესახებ, რაც მათ განიცადეს. სიტუაცია მართლაც კრიტიკულია. პრიორიტეტები მოიცავს დაჭრილების მკურნალობას და არასრულფასოვანი კვების გამო დაავადებული ბავშვების დახმარებას, რომლებიც ჩადში დარფურიდან გადადიან. როგორც ცნობილია, სუდანიდან დევნილი ყოველი 10 ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება”, - თქვა ჩადში მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა პიერ ჰონორატმა.
გაეროს წარმომადგენლებმა დაგმეს, ივლისის დასაწყისში, სუდანში გენდერული ძალადობის მზარდი შემთხვევები. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ Save the Children-მა ასევე აღნიშნა „შეიარაღებული მებრძოლების მიერ გაუპატიურებული ბავშვებისა და თინეიჯერი გოგონების საგანგაშო რიცხვი.“ გაეროს ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელმა მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ სუდანელი ქალები და ბავშვები „ამგვარად კიდევ უფრო ტრავმირებულნი ხდებიან“. მან სუდანს "კაცობრიობის კრიზისი" უწოდა.
გაეროს ინფორმაციით, დასავლეთ სუდანში, დარფურში, მდგომარეობა ასევე "კრიტიკულია", რადგან იქ არ წყდება მძიმე ბრძოლები და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა.“
0
0