10/01/2025
00:49
პოლიტიკა
გერმანიის მარშალის ფონდში დემოკრატიის დაცვის ალიანსის დირექტორმა და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ირანიც და აზერბაიჯანიც ჩაერია.
ამის შესახებ თორნტონმა Hudson Institute-ის პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელზეც სიტყვით ექსპრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონიც გამოვიდნენ.
"მგონი, მნიშვნელოვნად და ადეკვატურად განვიხილეთ საქართველო, როგორც რუსეთის პროექტი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ავტოკრატიების ფართო ველშიც განვიხილოთ. ბევრი ვისაუბრეთ ჩინეთის გავლენაზე, მაგალითად, ირანის გავლენაზე და როცა საქართველოში ვიყავი შევხვდი აზერბაიჯანელ საზოგადოებას და შევიტყვე მეტი ქართული ოცნების კამპანიაში ირანის ჩართულობაზე". - თქვა თორნტონმა.
თორნტონმა თქვა, რომ საქართველოში ყოფნისას შეიტყო, რომ ირანი საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის რეგიონებში “ქართული ოცნების” ნარატივს აძლიერებდა და მმართველი პარტიის კამპანიას ფინანსურად ეხმარებოდა. მისივე თქმით, ირანის მხრიდან საზოგადოებაზე ზეწოლაც იყო.
“რაც არ ვიცოდი და რაც დეკემბერში იქ ყოფნისას გავიგე არის ის, რომ ”ქართული ოცნების" კამპანიის მხარდაჭერის მხრივ აქტიური ჩართულობაა [ირანის მხრიდან], მხარს უჭერდნენ ფინანსურად და გზავნილების საშუალებით, რომელსაც ქართული ოცნების კამპანიის გზავნილებს ამთხვევდნენ.
მართალია, ირანელები აუცილებლად “ქართული ოცნების” კანდიდატებთან გვერდიგვერდ არ იდგნენ, მაგრამ იგივე ნარატივებსა და გზავნილებს აძლიერებდნენ და საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ ქარტული ოცნებისთვის მხარი დაეჭირათ". - თქვა თორნტონმა.
გარდა ამისა, თორნტონის თქმით, აზერბაიჯანი უფრო აქტიურად იყო ჩართული და რიგი აზერბაიჯანელი პოლიტიკური ფიგურები და მედიის წარმომადგენლები მმართველი პარტიის კანდიდატებთან ერთად სცენაზეც გამოდიოდნენ.
"ძალიან პირდაპირ იყო ჩართული აზერბაიჯანი. აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლიდერები და ასევე მედიის წარმომადგენლები ქართული ოცნების კანდიდატებთან პირდაპირი მნიშვნელობით სცენაზე გვერდიგვერდ იდგნენ". - თქვა თორნტონმა.
თორნტონი ამბობს, რომ საყურადღებოა ქართული ოცნების მხარდაჭერა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც.
“ყურადღებას ვაქცევთ რუსულ ჩარევას, მაგრამ ”ქართულ ოცნებას" სხვა აქტორებიც უჭერდნენ მხარს". - თქვა თორნტონმა.
თარგმანი - tabula.ge
0
0