
26 მაისი არავის საკუთრება არ არის. ეს არის ქართველი ხალხის და ისტორიის და არა კონკრეტული ადამიანის საკუთრება. ამიტომ ასეთ განცხადებებს მე არ გავაკეთებდი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ლილუაშვილის თქმით, 26 მაისი არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანის დღე და იმედოვნებს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ექნება.
„ყველასთვის მნიშვნელოვანი დღეა. ნორმალურ სახელმწიფოში ხელისუფლება კი არ აპირისპირებს საკუთარ მოქალაქეებს, არამედ ცდილობს, ისინი გააერთიანოს. ასეთ ქვეყანაში არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ექნებოოდა, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების სულისჩამდგმელები იქნებიან. ბუნებრივად ეს რომ არ მოხდეს, დარწმუნებული ვარ, ხელოვნურად, მათი რესურსებით მოახდენენ ამის პროვოცირებას. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, თუ პროვოკაციისგან. არცერთი მხრიდან არავინ, არცერთი ადამიანი არ უნდა წამოეგოს პროვოკაციას, რადგან ამ მავნებელი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 6 მაისს განაცხადა: „გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას“.
0
0