
მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და ამერიკის ეპარქიები ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
მხოლოდ საქართველოში, იერუსალიმში, სერბეთსა და რუსეთის ადგილობრივ ეკლესიებში, ასევე, ათონის მთაზე იდღესასწაულება ქრისტეშობა 7 იანვარს.
რა არის მიზეზი იმისა, რომ ქართული ეკლესია მტკიცედ დგას იულიუსის კალენდარზე?
ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი პასუხობს, რომ „მიზეზი მარტივია“:
„იულიუსის კალენდარი არის დროის ათვლის ის უნიკალური სისტემა, რომელმაც შეაჯერა მთვარისა და მზის კალენდარი, ლიტურგიკული წელიწადი და მთელი კოსმოსი - მზის სისტემა და კოსმოსი ერთმანეთთან.
ამ თვალსაზრისით, ეს არის უნიკალური კალენდარი. მსგავსი მეორე კალენდარი არა რსებობს. მაგრამ ამის შესახებ ჩვენ არავინ გვეუბნება. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ახალი კალენდარი უფრო ზუსტია.
- რასთან მიმართებაშია ზუსტი? რა არის თანამედროვე ახალი კალენდრის ათვლის წერტილი? - ტროპიკული წელიწადი - ანუ რამდენ დღეში, საათსა და წუთში შემოუვლის დედამიწა მზეს. ეს არის მზის სისტემაზე გათვლილი კალენდარი. კოსმოსი მეტია.
არსებობს სხვა ათვლის წერტილი. არა ტროპიკული, არამედ ვარსკვლავური წელიწადი - რამდენ დროში შემოივლის დედამიწა ზოდიაქოს თანავარსკვლავედების წრეს. - აღმოჩნდა რამდენიმეწუთიანი სხვაობა.
იულიუსის კალენდარმა საშუალო არითმეტიკული აიღო ვარსკვლავურსა და ტროპიკულ წელიწადს შორის, ანუ შეათანხმა მზის სისტემის რიტმი კოსმიურ რიტმებთან, მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით იულიუსის კალენდარს, ეს არ იქნება საკმარისი - ეს ვიწრო გაგებაა, რადგან იულიუსის კალენდარი იყო მზის კალენდარი.
ეკლესიამ იულიუსის კალენდარი შეაჯერა მთვარის კალენდართან. ამიტომ, როდესაც ჩვენ ეკლესიის კალენდარზე ვლაპარაკობთ, ის მეტია იულიუსის კალენდარზე.
იცით, რომ მთვარის ციკლი თითქმის 29 დღემდე გრძელდება - ანუ სრული თვე არ არის. ვარსკვლავური წელიწადის მიხედვით თვე 30-31 დღედ არის დაყოფილი. ამიტომაც არის სხვაობა.
საეკლესიო კალენდარში ორი რიტმია - უძრავი და მოძრავი. მოძრავი რიტმები დაკავშირებულია აღდგომა-ამაღლება-სულთმოფენობასთან, რომლებიც გამოითვლება მთვარის კალენდრით, უძრავი დღესასწაულები - მზის კალენდრით.
როგორ უნდა შეჯერდეს ეს ორი განსვავებული რიტმი ერთმანეთთან?
ეს ეკლესიამ შეძლო. ამიტომ შეიქმნა საეკლესიო უნიკალური კალენდარი და არა იულიუსისა და სხვათა. საეკლესიო კალენდარი იულიუსისაზე მეტია - ის მოიცავს თავის თავში ლიტურგიკულ წელიწადს, ანუ ათანხმებს საეკლესიო დღესასწაულებს ერთმანეთთან. ვინაიდან უპირატესია ლიტურგიკული წელიწადი.
საეკლესიო კალენდარს აქვს რელიგიური დანიშნულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის განგებით აღსრულებული სასწაულები - ხარება შობა, ფერიცვალება, აღდგომა, ამაღლება - ერთმანეთთან დააკავშირეს. ლიტურგიკული წელიწადი ეს არის დრო ადამიანის უფალთან შეხვედრისა. ამიტომ სხვა მსგავსი კალენდარი არ არის“ - აცხადებს მეუფე იოანე.
ევროპაშიც ხომ ქრისტიანები არიან? რატომ აღნიშნავენ ისინი შობას 25 დეკემბერს?
მეუფე იოანეს განმარტებით, განსხვავება იმაშია, რომ წმინდა წერილი ზუსტად გვეუბნება, როდის მოხდა ქრისტეს აღდგომა. ამიტომ, ლიტურგიკული კალენდრის დანიშნულებაა, რომ დაფიქსირდეს ეს დღე და მის გარშემო იტრიალოს ყველაფერმა.
„ქრისტეს აღდგომა არის საწინდარი ჩვენი მომავალი აღდგომისა. ეს არის ჩვენი, მთელი კაცობრიობის მომავალი. ამიტომ, კალენდრის ცენტრი უნდა იყოს აღდგომა ქრისტესი. როდის მოხდა ქრისტეს აღდგომა? სახარებაში ვკითხულობთ, რომ ებრაელთა პასექის შემდეგ. ამიტომ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, როდესაც მოხდა შეჯერება კალენდრებისა, მაშინ ათვლის წერტილად მიღებული იყო აღდგომა ქრისტესი და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ აღდგომა ქრისტესი არ შეიძლება ვიდღესასწაულოთ მაშინ, როდესაც ებრაელთა პასექია, მითუმეტეს მანამდე...
არიან ეკლესიები, რომლებმაც შეცვალეს კალენდარი - კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, საბერძნეთი და სხვები გადავიდნენ ახალ კალენდარზე. არ გადავიდა იერუსალიმი, სერბეთი, არც საქართველო, არც რუსეთი. არც ათონის მთა გადავიდა ახალ კალენდარზე.
რამ გამოიწვია ახალ კალენდარზე გადასვლა?
ეს მოხდა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ფაქტობრივად მრევლი აღარ ჰყავდა. გაჭირვებამ გამოიწვია ეს. თუმცა, მათ შეინარჩუნეს ათვლის წერტილი - ქრისტეს აღდგომის დღესასწაული, რომელსაც მთელი მართლმადიდებელი სამყარო ერთ დღეს დღესასწაულობს.
გეტყვით, რომ 2000 წელს, როდესაც იერუსალიმში, ბეთლემში აღინიშნა ქრისტეშობა, მთელი მართლმადიდებელი სამყარო შეიკრიბა და სწორედ ძველი კალენდრით იდღესასწაულეს ქრისტეშობა. ამით კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ აღიარა საეკლესიო კალენდრის უპირატესობა და არ გაყვა განხეთქილების შემცველ ახალ კალენდარს“- აღნიშნა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა.
დეკანოზ ბიძინა გუნიას განმარტება:
ახალი სტილით - 25 დეკემბერს შობის აღნიშვნა 1582 წელს პაპ გრიგოლ XIII - ის დროს არის შემოღებული და ამიტომ პაპ გრიგოლ XIII-ის კოლეგიის მიერ შემოთავაზებულ დროის ათვლის სისტემას გრიგოლის კალენდარს უწოდებენ.
ძველი სტილი, ანუ იულიუსის კალენდარი 325 წელს მიიღო ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და ჩვენი ეკლესია მას დღემდე იცავს.
„გრიგოლის კალენდრით (რომელსაც ახალი სტილი ეყრდნობა), ერთი წელიწადი მოიცავს 365 დღე-ღამეს 5 სთ. 49 წთ. და 12 წმ. იულიუსის კალენდრით (რომელსაც ეყრდნობა ძველი სტილი), ერთი წელიწადი მოიცავს 365 დღე-ღამეს და 6 სთ. მათ შორის სხვაობა შეადგენს 11 წთ. და 48 წმ. ეს ცდომილება ყოველ 128 წელში ერთ დღედ იქცევა. ამიტომაც არის, რომ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან (325წ.) მოყოლებული დღემდე სხვაობა იულიუსისა და გრიგოლის კალენდრებს შორის 13 დღე-ღამემდე გაიზარდა. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რომელი ათვლის სისტემაა მართალი? უნდა ვიცოდეთ, რომ მათემატიკური თვალსაზრისით, გრიგოლის კალენდარში დროთა ათვლა მზის (ანუ ტროპიკულ) წელს უკავშირდება, ხოლო იულიუსის კალენდარში - მზე - ვარსკვლავურ წელს. მზის წელიწადი მოიცავს 365 დღე-ღამეს, 5 სთ. 48 წთ. და 46 წმ. ვარსკვლავური წელი კი - 365 დღე-ღამეს, 6 სთ. 9 წთ. 10 წმ. მზის წელიწადის სიდიდეს რომ მივუმატოთ ვარსკვლავური წელიწადის სიდიდე და გავყოთ ორზე, მივიღებთ მზე-ვარსკვლავური წლის საშუალო სიდიდეს, რაც შეადგენს 365 დღე-ღამეს, 5 სთ. 58 წთ. 58 წმ.-ს. მზის წელიწადთან მიმართებაში გრიგოლის კალენდრის განსხვავება ყოველწლიურად შეადგენს 36 წამს. მზე-ვარსკვლავურ წელიწადთან მიმართებაში იულიუსის კალენდრის განსხვავება კი - 1 წთ 2 წმ. ე.ი. იულიუსის კალენდარი არ ეყრდნობა მზის წელიწადს, არც მხოლოდ ვარსკვლავურ წელიწადს, არამედ საშუალო სიდიდეს მზისა და ვარსკვლავურ წლებს შორის. ამასთან ეს საშუალო სიდიდე ფილოსოფიურად არის გააზრებული და შეგნებულად შეცვლილი (ერთი წუთით) იმგვარად, რომ კალენდარში აისახა მთვარის ფაზებიც (მეტონური 19-წლიანი ციკლი) და კვირის დღეებისა და თვის რიცხვების ჰარმონიაც (28- წლიანი ციკლი). აქ ჰარმონიულობა და ასტრონომიული სიზუსტე ერთმანეთთანაა შერწყმული,“ ამბობს მამა ბიძინა გუნია.
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2000 წლის განმავლობაში, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ძველი სტილით ყოველი აღდგომის წინ, შაბათ დღეს ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის, კერძოდ კი იერუსალიმის ეკლესიის პირველიერარქის მიერ ეძლევათ, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიებს, ისე სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლებს. შესაბამისად, მისი თქმით, მორწმუნე ადამიანისათვის ამაზე დიდი და რეალური მტკიცება, როგორც ძველი სტილის (ანუ საეკლესიო კალენდრის), ისე მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა, არ არსებობს.
გილოცავთ შობის დღესასწაულს!
მასალა მომზადდა მეუფე იოანე გამრეკელის 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ქადაგებისა და ქართული ინტერნეტმასალების მიხედვით.
0
0