ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.
მისივე განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს.
გენერალაური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0