
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლების დაზიანება გამოვლინდა.
ქარსაფარ ზოლებში კერძო პირების მიერ ხე-მცენარეების გაჩეხვის და დაზიანების ფაქტები გამოვლინდა ოთხ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული ქარსაფარი ზოლი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზასა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შორის მდებარეობს. სოფელ ბებნისში მოჭრილი და დაზიანებულია ჯამში 21 ხე, მათ შორის: 16 ჭადარი და 5 ფიჭვი 1, 05 ჰა ფართობზე. გარდა ამისა, ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე ზიანი მიადგა ნიადაგსაც, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოსწორებულია მიწა და დაყრილია ინერტული მასალა (ხრეში).
სააგენტომ ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევები შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით გადასცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
სააგენტო აქტიურად ახორცილებს მიწათსარგებლობის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქარსაფარი ზოლების თვითნებური დაზიანება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემასა და ნიადაგის ნაყოფიერებას, არამედ კანონდარღვევას წარმოადგენს.
0
0