26/12/2024
17:49
პოლიტიკა
რთული მოვლენებით აღსავსე წელი იყო 2024. გამორჩეული იყო „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად გამოწვეული პოლიტიკური კრიზისითა და საზოგადოებაში წარმოქმნილი დაპირისპირებებით. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ე.წ. რუსული კანონი განხილვაში კვლავ შემოიტანეს, მიუხედავად მათი დაპირებისა, რომ ამას არასდროს გააკეთებდნენ. საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული კანონის მიღებას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტა მოჰყვებოდა. შესაბამისად, მოქალაქეებში სამართლიანი პროტესტი წარმოიქმნა. 2024 წლის გაზაფხულზე მშვიდობიან პროტესტს „ქართულმა ოცნებამ“ ბრუტალური და სრულიად არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მიზანმიმართული ძალადობისა და ანგარიშსწორების საფუძველზე უამრავი ადამიანი დაშავდა. ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით მშვიდობიან მომიტინგეებს სახლებთან ხვდებოდნენ. მასშტაბური პროტესტების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, მმართველმა პარტიამ რუსული კანონი მიიღო.
შემდეგ დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც, ასევე, „ქართული ოცნების“ მხრიდან ზიზღისა და სიძულვილის კამპანიის გაჩაღებით გამოირჩეოდა. პოლიტიკური ოპონენტების დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამოხატულებების გამოტანა, ამომრჩევლების დაშინება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება „ქართული ოცნების“ ნეგატიური წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო.
საბოლოოდ 26 ოქტომბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც შეუძლებელია ეწოდოს დემოკრატიული არჩევნები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პრაქტიკულად არჩევნების მიტაცების დამაგვირგვინებელი ნაბიჯი. მივიღეთ შედეგები, რომლებიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შედეგად ეს არჩევნები, არალეგიტიმურად ცნეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ყველა საერთაშორისო დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული არჩევნები, რადგან ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
ამავდროულად 2024 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ქართულმა საზოგადოებამ საოცარი ერთსულოვნება, პატრიოტიზმი და ერთგულება აჩვენა ქვეყნის თავისუფლების იდეისა და საქართველოს ევროპული მომავლისადმი. იქ სადაც, „ქართულმა ოცნებამ“ მასშტაბურად არჩევნების გაყალბება ვერ შეძლო, ქართველმა ხალხმა არჩევანი პროდასავლურ ოპოზიციაზე შეაჩერა. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად დამარცხდა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. თუმცა რეგიონებში, სადაც აწ უკვე, თვითმარქვია ხელისუფლების მიერ წინასწარ შემუშავებული გაყალბების სქემები განსაკუთრებული მობილიზებით ამოქმედდა, იქ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მასშტაბურად გააყალბა.
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ 2024 წელს ქართულმა საზოგადოებამ მთელი მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო დაარწმუნა, რომ საქართველო მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერას იმსახურებს. დღეს ამ მხარდაჭერას ევროკავშირი და შეერთებული შტატები მკაფიოდ და ნათლად გამოხატავს.
პრეზიდენტის როლი მიმდინარე პროცესებში
„ქართული ოცნების“ მიერ წარმოქმნილი კრიზისის დროს, რომლის უკანაც რუსული სპეც სამსახურების კვალი აშკარად შეიმჩნევა, მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების მშვიდობიანი მანიფესტაციები, რომლებიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში განსაკუთრებულ როლს ირგებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა მიმდინარე პროცესებში. პრეზიდენტის მხრიდან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო ქართული ქარტია, რომელსაც ხელი ბევრმა პოლიტიკურმა აქტორმა მოაწერა. პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს უალტერნატივოდ განიხილავდნენ, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ინიციატივა, რადგან ქართულმა ქარტიამ პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებას შეუწყო ხელი. პოლიტიკურმა პარტიებმა დადეს პირობა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ უპირობოდ შეასრულებდნენ ევროკავშირის რეკომენდაციებს და გაატარებდნენ ყველა რეფორმას, რომლის დამსახურებითაც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნებოდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად ცნო. ზურაბიშვილმა გარე სამყაროს- დასავლეთის ლიდერების ინფორმირება საკუთარ თავზე აიღო. მან წამყვან სახელმწიფოებს პირუთვნელი ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების გაყალბებასა და ქვეყანაში გაჩაღებულ ძალადობაზე. 26 ოქტომბერს ზურაბიშვილმა შეინარჩუნა ერთადერთი დამოუკიდებელი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელსაც ამ ძალიან კრიტიკულ და ისტორიულ პერიოდში უკიდურესად საჭირო დატვირთვა აქვს. ზურაბიშვილის ჩართულობა საქართველოსა და მსოფლიო ლიდერების პირდაპირ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
პრეზიდენტისა და ჩვენი კოალიციის თანამშრომლობა
„ძლიერი საქართველო“ მჭიდროდ თანამშრომლობს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. ის სხვადასხვა ფორმატს გვთავაზობს, სადაც აქტიურად ვართ ჩართულები. გარდა ამისა, სხვა კოალიციურ ცენტრებთან და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციისას შევიმუშავეთ ახალი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი ცვლილებების დოკუმენტი, შემდეგ ის პრეზიდენტს გავაცანით. პრეზიდენტთან ჩვენი კოორდინაცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები. კოალიციებსა და პრეზიდენტს შორის პარტნიორობა და თანამშრომლობა საზოგადოების დაკვეთით ამ ეტაპისთვის უცვლელად გაგრძელდება.
მომავალი წლის პროგნოზი
ვფიქრობ, რომ 2025 წელი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური წელი იქნება. მაქვს მოლოდინი, რომ 2025 წელს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. იმედი მაქვს, რომ ახალი არჩეული ეროვნული ხელისუფლება ძალიან სწრაფად აღადგენს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, რომელმაც „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული ნაბიჯების დამსახურებით სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეწყვიტა. ამისდა მიუხედავად მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობის აღდგენას და ამჯერად ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებულ შტატებთან, ჩვენი ქვეყნის პარტნიორობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. ვფიქრობ, რომ 2025 წლისთვის ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენასაც შევძლებთ, რომლისკენაც საქართველო წლების განმავლობაში მიისწრაფოდა. რაც მთავარია, უნდა დავიწყოთ რეკომენდაციების სწრაფი შესრულება და მჯერა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენ სრულიად სხვა მოცემულობაში ვიქნებით. მჯერა, რომ საქართველო გადალახავს პოლიტიკურ კრიზისს, ქვეყანაში ჩატარდება ახალი ეროვნული არჩევნები, შესაბამისად საკმარისი საფუძველი გვექნება იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ქვეყნის ბუნებრივი განვითარების გზაზე დაბრუნება, რაც საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფას გულისხმობს. როგორც უკვე აღინიშნა, 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება სრულიად სხვა მოცემულობა, მშვიდი ქვეყანა და სრულიად კონსოლიდირებული საზოგადოება.
ბადრი ჯაფარიძე - „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
0
0