27/07/2023
14:24
საზოგადოება
2024 წლიდან იმ ამერიკელებისთვის, ვისაც ევროპის ქვეყნებში გამგზავრება სურს, ახალი მოთხოვნები ამოქმედდება. ვინც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობს, ნებართვა გამგზავრებამდე უნდა მიიღოს. ამის შესახებ abcnews იუწყება.
ანუ აშშ-ის მოქალაქემ უნდა შეავსოს განაცხადი მოგზაურობის ავტორიზაციის ევროპული სისტემის, ETIAS-ის მეშვეობით. განაცხადის ფასი 7 ევრო, ან 7,79 აშშ დოლარია. განაცხადის შევსება ვებსაიტზე ხდება.
დღეს მოქმედი წესების მიხედვით, ამჟამად აშშ-ის მოქალაქეებს მსოფლიოს 184 ადგილას გამგზავრება უვიზოდ შეუძლიათ. ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი ამ მონაცემებით მე-8 ადგილს იკავებს.
ETIAS-ში სტანდარტული განაცხადის შევსებას და პასუხის მიღებას რამდენიმე წუთი სჭირდება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში პასუხს შეიძლება 4-დან 14 დღემდე დასჭირდეს, ხოლო მოგზაურობის მსურველს შეიძლება დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვონ.
პასუხს პირი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს, სადაც უნიკალური ნომერი იქნება მითითებული. ეს ნომერი მოგზაურს ევროპაში ყოფნის მთელ ეტაპზე დასჭირდება. მოგზაურობაზე თანხმობის მიღების შემდეგ მოგზაური უნდა დარწმუნდეს, რომ მისი სახელი, პასპორტის ნომერი და სხვა ინფორმაცია სწორად არის მითითებული, რადგანაც ნებისმიერი შეცდომა საზღვრის გადაკვეთაზე უარის მიზეზი შეიძლება გახდეს. ევროკავშირი მოუწოდებს მოგზაურობის მსურველებს, რომ განაცხადი წინასწარ შეავსონ. ის 3 წლის განმავლობაში, ან პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე მოქმედებს.
უვიზოდ აშშ-ის მოქალაქეს ევროპის ქვეყანაში მუდმივად 90 დღის განმავლობაში ყოფნა შეუძლია 180-დღიან პერიოდში. ანუ 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყანაში ყოფნა სამი თვის განმავლობაშია დაშვებული.
თუ აშშ-ის მოქალაქემ განაცხადზე უარი მიიღო, იქ მითითებული იქნება უარის მიზეზი და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიტანოს აპელაცია. ამასთანავე, ETIAS-ის სისტემაში ყველა პროცედურის გავლის შემთხვევაშიც კი ეს ევროკავშირში ჩასვლის 100%-იან გარანტიას არ გაძლევთ. მესაზღვრეს მაინც შეუძლია მოგზაურის შემოწმება და ვინც ქვეყანაში შესვლის პირობებს არ შეესაბამება, ევროკავშირის ქვეყანაში შესვლაზე შეიძლება უარი მიიღოს.
0
0