
ირანში, 2022 წლის ანტისამთავრობო მასობრივი აქციების შემდეგ, პირველი არჩევნები ტარდება. მოსახლეობა პარლამენტის და ექსპერტთა ასამბლეის წევრებს ირჩევს. ასამბლეა ირჩევს და ზედამხედველობს ირანის ყველაზე გავლენიან ფიგურას და მთავარსარდალს, უზენაეს ლიდერს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა სოციალური თავისუფლებები და ეკონომიკური პირობები.
პროგნოზის მიხედვით, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი. საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის საპატიმროში გარდაცვალებას მოჰყვა, ამომრჩეველთა აპათიური განწყობა ისევ მაღალია. ირანში ხმის მიცემის უფლება 61,2 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და, სავარაუდოდ, 10 საათის განმავლობაში იმუშავებს.
ამჟამინდელმა უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელიც ამ თანამდებობას 30 წელზე მეტია იკავებს, მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ხმის მიცემისგან თავის შეკავება „ვერცერთ საკითხს ვერ მოაგვარებს“.
2022 წლის მოვლენების შემდეგ, ირანის პოლიტიკური და სოციალური ატმოსფერო უფრო რეპრესიული გახდა და საზოგადოება კიდევ უფრო უკმაყოფილოა ხელისუფლების მიმართ. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში 290 მანდატისთვის კანდიდატების რეკორდული რაოდენობა, 15 200 კანდიდატი დამტკიცდა, მაგრამ რეფორმისტების ბანაკიდან მხოლოდ 30 მათგანია. რეფორმისტების შეფასებით, “არჩევნები უაზრო, არაკონკურენტული, უსამართლო და ქვეყნის ადმინისტრირებისთვის არაეფექტურია“.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, "ირანელების დიდ ნაწილს" არ აქვს მოლოდინი, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.
„მსოფლიომ დიდი ხანია იცის, რომ ირანის მთავრობა არადემოკრატიულ და არაგამჭვირვალე ადმინისტრაციულ, სასამართლო და საარჩევნო სისტემებს ეფუძნება“, - დასძინა მეთიუ მილერმა.
0
0