14/03/2023
18:02
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ულან-უდეში მდებარე საავიაციო ქარხნის მუშებთან შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან რუსულ-უკრაინულ ურთიერთობებსა და საომარი მოქმედებების საერთაშორისო შედეგებზე ისაუბრა.
"რუსეთი ათწლეულების მანძილზე მოთმინებით ცდილობდა უკრაინასთან ურთიერთობების გამოსწორებას, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. რუსეთი მრავალეროვანი ქვეყანაა, მაგრამ მაინც უკრაინაში რუსული სამყაროსთვის იბრძვის, ამ ხალხს ვერ მიატოვებს", განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი იბრძვის თავისი სახელმწიფოებრიობის არსებობისთვის, ეს არის გადარჩენის ამოცანა.
"ამჟამინდელი საერთაშორისო პრობლემები სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაიწყო. დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესები მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე, თუნდაც სსრკ-სთან იდეოლოგიური წინააღმდეგობები;
გასული წელი რუსეთისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, ქვეყანა მხოლოდ გაძლიერდა და სუვერენული გახდა. როდესაც დასავლურმა კომპანიებმა რუსეთი დატოვეს, ფიქრობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი დაინგრეოდა, მაგრამ რუსულმა ბიზნესმა ისინი ადვილად ჩაანაცვლა", აცხადებს პუტინი.
მისივე თქმით, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია და სიმშვიდე, “ამას მტერი დაინახავს და იქნება გამარჯვება”, დასძინა მან.
0
0