
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ მორიგ რეზოლუციას.
ექსპერტი აღნიშნულ რეზოლუციას ანტიქართულ ევრორეზოლუციას უწოდებს, სადაც მისივე თქმით, განსაკუთრებულ თვალთმაქცობას ვაწყდებით.
ქართველიშვილის განცხადებით, როდესაც ევროპული სახელმწიფოები დემოკრატიის დაცვის საბაბით კრძალავენ კონკრეტულ პარტიებს, ეს „კანონის ზეიმად“ ითვლება, ხოლო როდესაც ანალოგიურ სამართლებრივ მექანიზმებს საქართველოში მიმართავენ, ცხადდება „ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულად“.
„ზოგი კერძი - განსაკუთრებით შეჭამანდების ფართო სპექტრი - უფრო გემრიელია მომზადებიდან მეორე დღეს. ამიტომ დღეს მინდა დავუბრუნდე გუშინდელ, მე-14 ანტიქართულ ევრორეზოლუციას, სადაც ახალ, განსაკუთრებულ თვალთმაქცობას ვაწყდებით. მასში ევროპელმა დეპუტატებმა სასტიკად გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება და ის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვის გამო „დემოკრატიის ხელყოფაში“ დაადანაშაულეს. თუმცა საკმარისია გადავხედოთ თვით ევროკავშირის ქვეყნების სამართლებრივ არქივებს, რომ ბრიუსელის ხმამაღალი პათოსი ფარსად იქცეს.
პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა და ლიკვიდაცია ევროპული პოლიტიკური სისტემის სტანდარტული ინსტრუმენტია. ესპანეთმა სეპარატისტებთან კავშირის გამო ყოყმანის გარეშე აკრძალა პარტია Batasuna, ბელგიაში სასამართლოს გზით განადგურდა და ლიკვიდირებულ იქნა ულტრამემარჯვენე Vlaams Blok, ხოლო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ თავის დროზე აკრძალა როგორც კომუნისტური პარტია (KPD), ისე სოციალისტური იმპერიული პარტია (SRP). იმავე თანამედროვე გერმანიაში წლებია არ ცხრება სრულიად ოფიციალური დებატები მთავარი ოპოზიციური ძალის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აკრძალვის შესახებ. გამოდის, რომ როდესაც ევროპული სახელმწიფოები დემოკრატიის დაცვის საბაბით იშორებენ ოპონენტებს, ეს „კანონის ზეიმია“, ხოლო როდესაც ანალოგიურ სამართლებრივ მექანიზმებს თბილისში მიმართავენ, ეს „ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულად“ ცხადდება.
გავარჩიოთ შემდეგი სურათი: ევროჩინოვნიკები საქართველოს თითს უქნევენ და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო ინტეგრაციას უყინავენ, რასაც ხმამაღლა „დემოკრატიიდან გადახვევას“ უწოდებენ. ახლა კი გადავინაცვლოთ ბრიუსელში ან ლონდონში. იქ სრული დატვირთვით მოქმედებს ლობისტების მკაცრი რეესტრები, ბრიტანეთს შეაქვს უცხოური გავლენის რეგისტრაციის საკუთარი მექანიზმი (FIRS), ხოლო ევროკომისიამ სულაც შეიმუშავა პაკეტი Defence of Democracy, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ზუსტად იმავეს ითხოვს - საკუთარი „რუსული კანონების“ მკაცრი მოთხოვნით ფინანსური ჩეკების გასაჯაროებას. მაგრამ იქ ეს, რა თქმა უნდა, „ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა“, ხოლო თბილისში - „პრორუსული გადახრა“. როგორც ირკვევა, თავისუფლებას ძალიან გეოგრაფიული და შერჩევითი ხასიათი აქვს.
შემდეგი ეპიზოდი: ქუჩის პროტესტებთან დაკავშირებით ისტორია მტკივნეული სიზუსტით მეორდება. როდესაც ქართული პოლიცია პარლამენტის ბლოკირების მცდელობაში მყოფი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს, ევროპიდან მყისიერად მოფრინავს ნოტები „არაპროპორციული ძალადობის“ შესახებ. სამაგიეროდ, ლონდონში ეკოაქტივისტების დარბევა, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ სასტიკი წმენდა ან ბერლინისა და ამსტერდამის ქუჩებში წყლის ჭავლის გამოყენება „მართლწესრიგის დასაცავად სახელმწიფოს წმინდა მოვალეობაა“. დიდ ბრიტანეთში მიღებული Public Order Act საშუალებას იძლევა დემონსტრანტი ციხეში უბრალოდ გზის გადაკეტვის გამოც კი ჩასვან, მაგრამ ევროპული აღშფოთების ექო რატომღაც აკურატულად წყდება ევროკავშირის საზღვრებთან.
გავყვეთ მორიგ „აღშფოთებულ შეშფოთებას“: სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში ევრობიუროკრატია საერთოდ ვირტუოზულ პილოტაჟს აჩვენებს. საქართველოს ხელისუფლების უბრალო მინიშნებაც კი მედიასივრცეში წესრიგის დამყარებაზე მაშინვე „დამოუკიდებელ პრესაზე ზეწოლად“ ცხადდება. ამავდროულად, თვით ევროკავშირი თავისი Digital Services Act-ით და ბრიტანეთი Online Safety Act-ით ხელებს უგრეხენ სოციალურ ქსელებს და მილიარდიანი ჯარიმების მუქარით ითხოვენ ტოტალურ ცენზურასა და „არასასურველი კონტენტის“ წაშლას, რუსული ცენზურის საუკეთესო ტრადიციებში. ამასთანავე, ევროკავშირში ოპოზიციური მაუწყებლები სასამართლოს გარეშე, ნებისმიერი გადაწყვეტილებით იხურება. ის, რასაც შინ „დეზინფორმაციასთან ბრძოლას“ უწოდებენ, კავშირის საზღვრებს გარეთ მყისიერად გარდაიქმნება „განსხვავებული აზრის დევნად“.
საბოლოო ჯამში,
ჩვენ წინაშე იშლება ბანალური, მაგრამ სასტიკი და დაუფარავი პოლიტიკური ცინიზმი. თბილისისგან სანქციების მუქარით ითხოვენ, უპირობოდ მიჰყვეს ვენეციის კომისიისა და ევროსტრუქტურების თითოეულ მითითებას. ამ დროს კი თვით ბრიტანეთმა მშვიდად დატოვა ევროკავშირი სამართლებრივი სუვერენიტეტის სანაცვლოდ, ხოლო ევროპული საკვანძო ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი ან გერმანია, უყოყმანოდ აიგნორებენ იმავე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, როგორც კი ისინი ეროვნულ ინტერესებსა თუ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ. ამიტომ შექსპირის პერსონაჟის, მერკუციოს ციტატით დავასრულებ - საქართველოს შემწუხებელი ორივე იმპერიის მისამართით: „შავი ჭირი თქვენს ორსავე ოჯახსა ზედა!“ (A plague o' both your houses!),“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0