18/05/2023
17:16
პოლიტიკა
პუტინმა ცალმხრივად დააწესა სანქციები და ყველა ითხოვდა მის მოხსნას - ამერიკელები, ევროპელები... მოხსნეს ეს სანქციები და ახლა ამბობენ, რომ ჩვენ დავაწესოთ. 2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ და თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას.
მდინარაძის თქმით, გასაკვირია, რატომ შეიძლება ერთ შემთხვევაში ითხოვდე, რომ რუსეთმა სანქცია მოხსნას, შემდეგ კი ამის მოხსნას ნეგატიურად აფასებდე.
„მე მიკვირს, რატომ შეიძლება ერთ შემთხვევაში ითხოვდე, რომ მოხსნას რუსეთმა სანქცია, შემდეგ ამის მოხსნას ნეგატიურად აფასებდე და თან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ნარატივში გადაგყავდეს.
პუტინმა ცალმხრივად დააწესა და ყველა ითხოვდა სანქციების მოხსნას - ამერიკელები, ევროპელები... მოხსნეს ეს სანქციები და ახლა ამბობენ, რომ ჩვენ დავაწესოთ სანქციები. შეუძლებელია, ამაში სწორი ლოგიკა იყოს და ამასაც შეიძლება ჰქონდეს მიზეზები, რაზეც საუბარი დღეს გამიჭირდება. მათი პასუხია, რომ პოზიციის შეცვლა ომმა განაპირობა. მას შემდეგ იყო ომი, რაც ჩვენი პარტნიორები და ჩვენც ვითხოვდით სანქციების მოხსნასო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ და თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი. არ შეიძლება ასეთი მსჯელობა. არ შეიძლება ეს დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ. ომი, რომელიც ყველაზე მეტად გვეტკინა ამ ქვეყანას, იყო 2008 წელს, რომლის შემდეგადაც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობდა ეს ხალხი. სავიზო რეჟიმი გაუუქმეს რუსეთს ცალმხრივად. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სავიზო რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს.
დღეს, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, 108 NGO შეკრებილა და უთქვამს, სანქციები უნდა დაწესდესო. სანქციების დაწესებას ითხოვენ საკუთარი მოქალაქეების მიმართ მაშინ, როდესაც იმ ხალხიდან ბევრი მაშინ ხელისუფლების ნაწილი იყო. თურმე 2019 წლის შემდეგ, როდესაც ყველა ერთად სანქციების მოხსნას ითხოვდა, შეცვლილა ის, რომ ომი იყო. ანუ უკრაინის ომი ვიღაცებისთვის ომია და საქართველოს ომი - არა. გუშინ ერთი ქალბატონი ამბობდა, პროუკრაინული უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლებაო. დიახ, ზოგადად, ქვეყანაში ყველა პროდასავლური უნდა იყოს, მაგრამ უპირველესად, პროქართული უნდა იყო და შემდეგ პროდასავლური“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, “მნიშვნელოვანი კითხვაა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რკინიგზის აღდგენის გამო”.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პუტინი არაფერს გასცემს საფასურის დაკისრების გარეშე“, - აღნიშნა ელჩმა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024