28/12/2022
11:58
პოლიტიკა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობის შესაძლებლობა გამორიცხა.
ამის შესახებ მან იტალიურ ყოველკვირეულ გამოცემა Sette-სთან საუბარში თქვა. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ “ასეთი საკითხი არც დასმულა”.
ამასთან, მერკელმა თქვა, რომ ზუსტად არ იცის როგორ შეიძლება დასრულდეს უკრაინაში კონფლიქტი.
“ერთ დღეს ეს მოლაპარაკებებით დასრულდება. ომები მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. თუმცა არის განსხვავება იძულებით მშვიდობას, რომელიც არ მსურს და ღია მეგობრულ საუბარს შორის”,- თქვა მერკელმა.
პოლიტიკოსმა ასევე ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებაზე და “მინსკის შეთანხმებაზე” ისაუბრა.
“ისიც უნდა ითქვას, რა ალტერნატივა არსებობდა მაშინ. უკრაინისა და საქართველოს ნატოში, შესაძლო გაწევრიანების დაწყება, რომელიც 2008 წელს განიხილებოდა, ვფიქრობ, არასწორი იყო. ორ ქვეყანას არ გააჩნდა საჭირო რეკვიზიტები და არც იყო ნაფიქრი ის, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ამ გადაწყვეტილებას, როგორც რუსეთის რეაქციას საქართველოსა და უკრაინაზე, ასევე ნატოსა და მისი დახმარების წესებზე. 2014 წლის “მინსკის შეთანხმებები” კი უკრაინისთვის დროის მიცემის მცდელობა იყო. უკრაინამ ეს პერიოდი გამოიყენა, რომ გაძლიერებულიყო, როგორც ეს დღეს ჩანს. 2014/15 წლების უკრაინა დღევანდელი ქვეყანა არ არის. და მეეჭვება, ნატო-ს შეძლებოდა უკრაინისთვის ისეთივე დახმარების გაწევა, როგორც ეს დღეს ხდება. ყველამ ვიცოდით, რომ ეს იყო გაყინული კონფლიქტი, რომ პრობლემა არ მოგვარებულა, მაგრამ სწორედ ამან მისცა უკრაინას ძვირფასი დრო”,- თქვა მერკელმა.
0
0