02/12/2022
14:29
პოლიტიკა
ჩემი აზრით, 2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც სამწუხაროდ, შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინამდე იყო საქართველო და შეიძლება ითქვას, რომ ყოფილიყო საერთაშორისო საზოგადოების უფრო ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა, არ ყოფილიყო 2014 წელს ყირიმი და არ ყოფილიყო ახლა ის ომი, რომელსაც მთელს უკრაინაში ვხედავთ, როგორია თქვენი პოზიცია, კარპენტერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო.
„ჩემი აზრით, 2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც სამწუხაროდ შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა და მე გეთანხმებით. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო და ამ გაკვეთილიდან სწორი დასკვნა რომ ვერ გავაკეთეთ, ამან კრემლს 2014 წელს ყირიმში შეჭრის და დასავლეთ უკრაინის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცა. მაშინ უფრო მკაფიო რეაქციები იყო, თუმცა, ისევ ნაკლებად ეფექტური, რადგან ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან, სასტიკ ომს, კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო ომის დანაშაულებით, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ნამდვილად ვერ უარვყოფთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი ქვეყნიდან დაიწყო და საქართველო კვლავ იტანჯება ოკუპაციისგან, ბორდერიზაცია ტკივილს აყენებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და ეს კონფლიქტი კვლავ გრძელდება იმის მიუხედავად, რომ უკრაინის შემთხვევისგან განსხვავებით, ცხელი კონფლიქტი არ არის“, – განაცხადა კარპენტერმა.
კითხვაზე, რა არის მათი გზავნილი, როდესაც ეუთო ჟენევის დიალოგის ერთ-ერთი შუამავალი მხარეა და რუსეთი არც ერთ საერთაშორისო პრინციპსა და სამართლის ნორმას არ სცემს პატივს, რა შეიძლება, გააკეთოთ ასეთ დროს, ელჩმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გვთავაზობს პლატფორმას, რომელიც ამ თემის აქტუალიზებას ახდენს საერთაშორისო დღის წესრიგში“.
მისივე თქმით, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ღირებულია.
„მეც ვყოფილვარ ჩართული საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველო ორი რეგიონის დე ფაქტო მთავრობების კომუნიკაციის უზრუნველყოფის პროცესში. ეს ფორმატი ღირებულია. დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც ჩვენ ყველა ვნახავთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. მე ვიცი, რომ ეს შესაძლოა, მიუღწეველად ჩანდეს, მაგრამ შეხედეთ რა ხდება უკრაინაში, რა მარცხდებიან ბრძოლის ველზე რუსული ჯარები. სწორედ ამის გამო ხდება რუსეთის მოქმედება ბარბაროსული, სწორედ ამის გამო ბომბავს რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მაგრამ ეს ყველაფერი ცვლის სამოქალაქო წარმოდგენას რუსეთზე“, – განაცხადა კარპენტერმა.
მისივე თქმით, აშშ გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომ ერთ დღესაც რუსეთი შეასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ქვეყანაა, სტრატეგიულ გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთის მეზობელი რთულ სამეზობლოში. ამის მიუხედავად, საქართველო ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას იყენებს, რომ ეფექტური კავშირი უზრუნველყოს სხვადასხვა სფეროში სამხრეთ კავკასიასა და მის მიღმა, მათ შორის ცენტრალურ აზიასთან. ასე რომ, ჩვენ გვინდა, საქართველოს შენარჩუნება დღის წესრიგში, გავაგრძელებთ ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით საქართველოს დახმარებას“, – განაცხადა კარპენტერმა.
0
0