
2004-2005 წლებში სააკაშვილმა დაიწყო ტელევიზიების ხელში ჩაგდება, არაფერში სჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკულ-ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა და მოგვიშორა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა.
ბონდო მძინარაშვილის თქმით, გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში მომუშავე ადამიანებისთვის სააკაშვილის დიქტატის განხორციელება მარტივი არ იქნებოდა.
„2004-2005 წლიდან გაზეთების ტირაჟი საშინლად დაეცა, შემდეგ გავრცელების სამსახურს დაუწყეს შეზღუდვები. რაც მთავარია, იმ დროისთვის უკვე სააკაშვილმა დაიწყო ტელევიზიების ხელში ჩაგდება. „რუსთავი 2“ ისედაც მათი იყო. გახსოვთ შემდეგ კიწმარიშვილის ჟვანიასთან დაპირისპირება და ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით სიუჟეტის გაშვება, რომელმაც დიდი შიდა ომი გამოიწვია ამ ტრიუმვირატში. საბოლოო ჯამში, „რუსთავი 2“ ხელში ჩაიგდო სააკაშვილმა, 2005 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ისედაც გადაჰყვა სააკაშვილის ხელისუფლებას და მათი იყო. უკვე მიმდინარეობდა ნადირობა სხვა ტელევიზიებზეც. ლიცენზიები, სიხშირეები ჩამოართვეს, მათ შორის „ობიექტივს“, „ევროპას“ და სხვა ტელევიზიებს. სხვათა შორის, 2013 წლის მაისში პარლამენტში შეიქმნა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისია. 30 ივლისს ჰქონდა პირველი შუალედური დასკვნა. 2014 წლის თებერვალში დაიდო დასკვნა. იქ არის დეტალურად, როგორ იწყებოდა ტელევიზიების მიტაცება. ეგრეთ წოდებული ხიდაშელის კომისა ერქვა მას. ყველა დაიკითხა, 50-ზე მეტი ადამიანი, ვინც იმ პერიოდში მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა, ვისაც ტელევიზიები, სიხშირეები წაართვეს და ასე შემდეგ. მაშინ ვამბობდი, შუქი მოვიდა, ტელევიზიები ჩაირთო და გაზეთების კვდომის პროცესიც დაიწყო-მეთქი. ადამიანებს მატერიალურად არ ჰქონდათ საშუალება, გაზეთი ეყიდა, ტელევიზორი კი უფასო იყო, უფასო ტელევიზორში იყო უფასო შოუ, უფასო შოუს დგამდა სააკაშვილი. ყველა არხზე სააკაშვილი იყო. არაფერში სჭირდებოდა გაზეთები, სადაც კრიტიკულ-ანალიტიკური პუბლიკაციები გამოქვეყნდებოდა. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული, რათა, გარდა იმისა, რომ გამომცემლობა „სამშობლო“, მატერიალური ბაზა ჩაეგდოთ ხელში და შემდეგ გაესხვისებინათ, ამავდროულად, შური ეძია გაზეთებზე, რათა მათი გამოცემა შეწყვეტილიყო. ზოგიერთ გაზეთებთან ჰქონდათ შეთანხმება ცალკეული გრანტების მოპოვებასთან დაკავშირებით, ცალკეულ გრანტებს მისცემდნენ, შესაბამისად, ლოიალობას ასე იყიდდნენ. არ ვამბობ, რომ გამომცემლობა „სამშობლოში“ ვინც იყვნენ, მათ რომ გრანტები მიეღოთ, პრინციპულობას შეინარჩუნებდნენ და ლოიალურები არ იქნებოდნენ, მაგრამ სააკაშვილისთვის ისინი აბსოლუტურად მიუღებელი იყვნენ, რადგან ეს ადამიანები ერთგვარად დაუმორჩილებლებიც იყვნენ. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებმა 90-იანი წლები გაიარეს და გაუძლეს რედაქციებში შევარდნას, დარბევის მცდელობას და ასე შემდეგ. 1991 წლის 24 დეკემბერს თავად ვიყავი, როცა მხედრიონელები შემოცვივდნენ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციაში. ამის თაობაზეც ღიად მაქვს ნალაპარაკები. ავტომატებით მოითხოვდნენ, გაზეთი მათი ყოფილიყო. ამ ყველაფრის გადამტანი ადამიანები ვიყავით და იმ გამომცემლობის შენობაში მომუშავე ადამიანებისთვის სააკაშვილის დიქტატის განხორციელება ასე ადვილი არ იქნებოდა. ამიტომ, მარტივად გადაწყვიტა და მოგვიშორა. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა ტელევიზიები, სადაც მუდმივად იჯდა და საუბრობდა უკრიტიკოდ. დღევანდელ ჟურნალისტებს ალბათ ძალიან კარგად ემახსოვრებათ, როგორ იჯდა ოთხი-ხუთი წამყვანი და ლაპარაკობდა სააკაშვილი, მაგრამ კრიტიკული შეკითხვები საერთოდ არ არსებობდა. კრიტიკული შეკითხვების დამსმელებს პრეზიდენტ სააკაშვილთან არავინ უშვებდა“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.
როგორც კომისიის სხდომაზე ბონდო მძინარაშვილმა აღნიშნა, „ერთი წელი საერთოდ არაფერი იყო გამომცემლობის შენობაში, ხოლო ერთი წლის თავზე, 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის სოფლების, გორის რაიონის სოფლების მცხოვრებლებმა დაიწყეს თავის შეფარება.
„მაშინ ჟურნალისტთა ფედერაციაში ერთგვარი კომისია იყო, ჩვენ უნდა მიგვეხედა ამ ადამიანების განთავსებისთვის. სწორედ ამ დროს, ერთი წლის შემდეგ მივედი გამომცემლობის შენობაში და ვნახე ჩვენი მეოთხე სართულიც, სადაც ცხრა წელზე მეტი გავატარე, როგორც პასუხისმგებელმა მდივანმა და მთავარი რედაქტორის მოადგილემ“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.
მძინარაშვილმა ასევე გაიხსენა, როგორ მოხდა გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობის გაყიდვა.
„რამდენჯერმე სცადეს შენობის გაყიდვა მანამდეც, ვიდრე ჩვენ გამოგვყრიდნენ და იმ დროისთვის, როდესაც დევნილები იყვნენ იქ, მაგრამ არავინ ყიდულობდა, რადგან, როგორც იტყვიან, შარიანი შენობა იყო. ჯერ ამდენ ჟურნალისტთან დაპირისპირება არავის უნდოდა და მეორე, არავის უნდოდა დევნილებთან დაპირისპირება. საბოლოო ჯამში, 2011 წლის 27 ივლისს დევნილებიც გამოყარეს ასევე პოლიციის დახმარებით. გამოყარეს, ვინც კოსტავას ქუჩაზე, ასევე ჭოველიძის ქუჩაზე არსებულ ფლიგელებში იყვნენ. 15 სექტემბერს გაყიდეს გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა და ერთი კვირით ადრე, 8 სექტემბერს შექმნილ ფირმას, კომპანიას მიყიდეს. იმის შემდეგ არის გამომცემლობა „სამშობლო“ ისეთი, როგორიც არის“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.
0
0