
2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ვიხსენებთ, თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაიღუპათ და დიდებულ ამერიკელ ერს სოლიდარობას ვუცხადებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ დღეს ცხადად გვახსენდება უდანაშაულო ადამიანებზე ტერორიზმის დამანგრეველი ეფექტი.
„დღეს, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ვიხსენებთ, თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაეღუპათ და დიდებულ ამერიკელ ერს ვუცხადებთ სოლიდარობას. ამ დღეს ცხადად გვახსენდება უდანაშაულო ადამიანებზე ტერორიზმის დამანგრეველი ეფექტი“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ნიუ-იორკში, შემთხვევის ადგილზე, ზარები დარეკეს. ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა მემორიალებთან, სახანძრო რაზმის სადგურებთან, ქალაქების მერიებთან, რათა კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ ამერიკის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური, ყველაზე სისხლიანი თავდასხმა. ტერორისტული თავდასხმების დროის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით ექვსჯერ მიაგეს პატივი.
2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა.
2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 6 ათასზე მეტი ადამიანი.
0
0