
20 ივნისი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არის სახელმწიფო უმაღლეს ინსტიტუტზე შტურმის მიტანის მცდელობა, რომელშიც პასუხისმგებლობა ეკუთვნით იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამ შტურმის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 20 ივნისზე ვინმეს პასუხისმგებლობა თუ მიუძღვის, ეს არიან ირაკლი კობახიძე და ის უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახდენდნენ შტურმს საკანონმდებლო ორგანოზე.
„20 ივნისი არის დღევანდელი ე.წ. პრემიერის, ბატონი კობახიძის მიერ გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანის და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დიდი პატივით დასმის დღე. შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ 20 ივნისი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არის სახელმწიფო უმაღლეს ინსტიტუტზე შტურმის მიტანის მცდელობა, რომელშიც პასუხისმგებლობა ეკუთვნით იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამ შტურმის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო შტურმი და დაადასტურა, რომ ამ შტურმის მოგერიება და სახელმწიფო უმაღლესი ორგანოს დაცვა იყო აუცილებელი, მათ შორის პროპორციული ღონისძიება, რომელიც უნდა გაეტარებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ვინმეს 20 ივნისზე პასუხისმგებლობა თუ მიუძღვის, ეს ერთი მხრივ, ბატონი კობახიძეა, რომელმაც საქართველოში გავრილოვი ჩამოიყვანა და მეორე მხრივ, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახდენდნენ შტურმს საკანონმდებლო ორგანოზე. პასუხისმგებლობაზე თუ საუბრობთ, პირველ რიგში, ისაუბრეთ „ნაცების“ და „ქოცების“ პასუხისმგებლობაზე. გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის ვალდებული იყო, სახელმწიფო ინსტიტუტი შტურმისგან დაეცვა“, – განაცხადა შარაშიძემ.
0
0