
დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბავშვის დედას და ადვოკატებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ.
ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.
„ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.
ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ გარდაცვლილი არასრულწლოვანის სხეულზე 39 სხვადასხვა სახის დაზიანება აღწერა. როგორც ირკვევა, 12 წლის მოზარდს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი მოგუდეს.
ოჯახი და ადვოკატები ახლა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ხელმეორედ ჩატარებას, გამოძიებისგან კი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
"ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე. დაზიანებები მრავლობითია, თითქმის მთელს სხეულზეა. არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომელიც არის სიცოცხლისდროუინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის მიყენებული. რაიმე მკრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები .საჭიროა გამოძიების წინაშე დაისვას ძალიან კრიტიკული კითხვები და დაინიშნოს კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გასცემს პასუხს კითხვას, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება პატარა გოგონამ". - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, მოზარდს სულ 5 ექსპერტიზა ჩაუტარდა და ჯერ მხოლოდ სამედიცინო დასკვნის ნაწილია ცნობილი.
0
0